პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე

პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც პოროშენკომ სლოვენიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

"ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში, მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.

"ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ", - დასძინა პოროშენკომ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წარდგენას ხვალ განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა