ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლის, ქეთა გაბუნიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მისი დაკავება "თეთრ ხმაურში" მის საქმიანობას უკავშირდება.

ქეთა გაბუნიას თქმით, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მასთან ერთად ხუთი ადამიანი შემოწმებაზე დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ.

"დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ვყავდით დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში შეგვამოწმეს. შემდეგ კი ტომოგრაფიაზე გადაგვიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში. ტომოგრაფიამაც შედეგი ვერ გამოიღო. ახლა თბილისში მივყავართ. ყველაფერ ამას მე ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, რადგან ვარ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთა გაბუნიამ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. მათი დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ბრალდებით მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

შსს-ს ინფორმაციით, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით კი, ქუთაისის აეროპორტში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მათი ორგანიზაციის აქტივისტი ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავებულები ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, დანარჩენი პირები ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები არიან.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა", - აცხადებენ "თეთრი ხმაურის მოძრაობაში".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ