"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში

"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში

"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა" გაავრცელა ინფორმაცია მოქალაქე გიორგი ადეიშვილის შესახებ, რომლის მტკიცებითაც ის პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის ობიექტი გახდა. ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, რომ გადასახედია ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა და რომ ამ მიმართულებით პოლიციელთა ქმედება ზოგჯერ კანონის ფარგლებსაც ცდება.

kvirispalitra.ge დაუკავშირდა გიორგი ადეიშვილს:

- 2016 წლის 14 ნოემბერს საღამოს, სამსახურიდან გამოვედი, შინ - ცოლ-შვილთან მივდიოდი, ოღონდ გზად მეგობარი უნდა მენახა. მაღაზიასთან გავაჩერე მანქანა, ხილი უნდა მეყიდა. როგორც კი გავჩერდი, პოლიციელებმა დამიძახეს, დაახლოებით 4-5 კაცი იყო. ერთ-ერთმა მითხრა, თელავიდან ხარ ჩამოსული და მარიხუანა გაქვსო... ცოლ-შვილთან ერთად მართლა ვიყავი თელავში და თბილისში 14-ში დილით ჩამოვედი, მაგრამ არანაირი მარიხუანა არ მქონია. არ ვიცი, საიდან იცოდნენ, ეს ამბავი. მითხეს, რომ ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ზედაპირულად გამჩხრიკეს. ვეუბნებოდი, არაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ...

მერე ჩემს საკუთარ მანქანაში ჩამსვეს, აქეთ იქით, პოლიციელები მომისხდნენ, უკან ასევე პოლიციის მანქანა გამოგვყვა. გზაში ვეუბნებოდი, ნამდვილად არაფერი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ თვითონ "ჩაგიდებთო", საბოლოოდ, მაინც ფაქტი იქნებაო. ერთ-ერთი, რომელიც ძალიან აქტიურობდა, თორნიკე ონიანი იყო, რომელიც პოლიციის უფროსად გამეცნო, (გენერალური ინსპექციისთვის მიწოდებულ განცხადებაში მისი სახელი და გვარი მითითებულია) კიდევ ერთმა მითხრა, მოადგილე ვარო, მისი გვარ-სახელი არ მახსოვს, მაგრამ სახეზე ვიცნობ...

თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და მოილაპარაკეს, რომ თბილისის ზღვაზე ასულიყვნენ. იქ საქალაქო სასაფლაოსთან გავჩერდით და მათ ჩემი მანქანის ჩხრეკა დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე მათგანი, მე მჩხრეკდა. თორნიკე ონიანმა ჯიბეში ხელი ჩამიყო, შემდეგ გაშალა და მითხრა, - ეს შენიაო...

- რა ეჭირა ხელში?

- რაღაც შეხვეული... ჩემი არ არის-მეთქი, - ვუთხარი. მან კი განაგრძო, - ეს უნდა ჩაგიდო, მეგობართან ხომ მიდიოდი, ჰოდა, მასთან მიგქონდა. ახლა ამას მასთან აიტან და ერთად მოწევთ, ის გელოდებაო... როგორც კი დამაკავეს, ტელეფონი ჩამომართვეს, მაგრამ ვიდრე გათიშავდნენ, მეგობარმა, ვისთანაც მივდიოდი, ორჯერ დამირეკა. ვუთხარი, - გამორიცხულია, ეს ჩემი არ არის და რომც მომკლათ, ამას არ გავაკეთებ-მეთქი.

იქიდან ვაზისუბნის პოლიციაში წავედით. იქ თორნიკე ონიანმა მითხრა, - ორი ვარიანტი გაქვს, - მარიხუანას ჩაგიდებ და აღიარებ რომ შენია და ადვილად გამოძვრები ან ბიოს ჩაგიდებთ და ციხეში წახვალო... თან ის შეხვეული მაჩვენეს, რომელიც სასაფლაოებთან, ვითომ ჯიბიდან ამომიღეს... შემეშინდა, ფსიქოლოგიურად უკვე ჭკუაზე აღარ ვიყავი და ვუთხარი, - მანქანით ვმუშაობ, ასე ვარჩენ ოჯახს და თუ მისი ტარების უფლება მექნება და არ გამწირავთ, მარიხუანაზე მოვაწერ ხელს-მეთქი და მართლაც მოვაწერე... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ