თბილისის მერია 2017 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს. აღნიშნული პროექტების შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.
"ამ ეტაპზე განიხილება აქტუალური პროექტები, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ 2017 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება - ეს არის "დირსის" ხიდი. მოგეხსენებათ, რუსთავიდან შემომავლი ავტობანი გაკეთდა და ერთ-ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტად განვიხილავთ გადასასვლელი ხიდის მოწყობას საცხოვრებელი კომპლექსი "დირსის" მიმართულებით. მეორე პროექტი ეს არის მარშალ გელოვანზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი. ამ მიმართულებით აქტიურად ვსაუბრობთ დონორთან და იმედი გვაქვს, ამ პროცესს წარმატებით გავივლით. ორივე ხიდის პროექტი განიხილება დონორებთან თანამშრომლობით", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".
გარდა ამისა, 2017 წელს კერძო ინვესტორების მიერ მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა დაიწყება.
ლექვინაძე განმარტავს, რომ პარკინგის პრობლემა კომპანია "სითი პარკის" გაშვებით არ მოგვარდება.
"თბილისში რეგიტრირებულია 500 ათასამდე მანქანა. გვაქვს დაახლოებით 40-ათასი საპარკინგე ადგილი. ჩვენ გვაქვს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის გეგმა, რაც დაახლოებით 10 ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. ამას მალე გამოვაცხადებთ. 2017 წელს დაიწყება კერძო ინვესტორების მხრიდან მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა, გარკვეული ლოკაციების გადაცემის სანაცვლოდ", - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა "360 გრადუსში".
იხილეთ ვიდეო