"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა

"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა

"ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანო" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფესორმა ლადო პაპავამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. მისივე თქმით, დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ლარი დოლართან მიმართებაში იაფდება, "ამიტომ ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია".

"ჩვენ არ უნდა გვქონდეს საუბარი ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ჩვენი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში იაფდება. ამიტომ, ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია. ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ თურქეთი. სამწუხაროდ, თურქეთი დიქტატურისკენ მიდის, რაც იწვევს იმას, რომ თურქეთის ეკონომიკა კარგავს ნდობას და ლირა უფასურდება. შედეგად, თურქეთისთვის ძალიან მომგებიანია ექსპორტი. სად წავა ეს ექპორტი? პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენ ვართ სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობა, თანაც უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყანაა. ჩვენ ვართ დიდი საფრთხის ქვეშ იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთიდან იმპორტი გაგვეზრდება. ეს კი კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

ამ შემთხვევაში ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს. ცუდია, როდესაც სახეზეა ლარის ვარდნა. ლარის გაუფასურება უნდა ხდებოდეს თანდათანობით. მისი გაუფასურება ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს. სხვა გზა ქვეყანას არ აქვს. ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანოა.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, მე ამას პრინციპულად არ ვიზიარებ. თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობის ეკონომიკურ ხედვაში მე ეკონომიკური ზრდას ორიენტაციას ვერ ვხედავ", - განაცხადა პაპავამ.

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს