"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები

"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ჯონ მაკკეინი ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს და აუდიენციას ქვეყნის პირველ პირ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს.

დღესვე დაგეგმილია კრწანისის სასწავლო ცენტრში მისვლა და ცენტრის დათვალიერება, რის შემდეგაც ამერიკელი სენატორი თბილისს დატოვებს.

ჯონ მაკკეინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა.

გარდა ამისა, გუშინ ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა.

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ-ს კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკსაც ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.

ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს.

"დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მიწვევისთვის. "ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში. ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის", - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორებს სიტყვით მიმართა: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის".

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის. "აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის - ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს - ჩვენს მეგობარ იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად და გახდეს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისათვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."