ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

უძრავი ქონების ლარში ფასდადებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ასევე მესაკუთრეების მხრიდან. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელები ფინანსურ ბალიშებს ქმნიან, რათა მერყევი კურსის პირობებში, არ დაზარალდნენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შესაბამისად, რეალურად უძრავი ქონება ქვეყანაში ხელოვნურად ძვირდება.

საქართველოში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების უმეტესობა ნაღდი ფულით სრულდება. ბინების ლარში გაყიდვით მისი ფასი გაიზრდება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი არავის აქვს. ლარის კურსი ხანდახან დღეში 5-10 პუნქტით იცვლება, ამიტომ ბინის მფლობელებმა თავის დაზღვევის მიზნით, უძრავი კაპიტალი კიდევ უფრო მეტად "დააფასეს". როგორც მაკლერები ამბობენ, საშუალო ფასიანი ბინები დედაქალაქში დაახლოებით 8000 დოლარით გაძვირდება. ეს კი უძრავი ქონების რეალიზაციას შეამცირებს. ამით დაზარალდება როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველიც.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დირექტორ ნელი გოგუაძის აზრით, ბინების ლარში გაყიდვა, უძრავი ქონების ბაზრის გამართულ მუშაობას ხელს შეუშლის. მისი აზრით, ისედაც ძვირი ბიზნესი ამ გადაწყვეტილებით უფუნქციო გახდება. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად კი ყველა საბანკო თუ სამშენებლო ოპერაციის ლარში განხორციელებას მიიჩნევს.

"ერთი მხრივ, კარგია სესხის ეროვნულ ვალუტაში გაცემა, მაგრამ ქონების ფასის ლარში გადაყვანას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სამშენებლო კომპანიებს გაუჭირდებათ ეროვნულ ვალუტაში დააფიქსირონ გასაყიდი ქონების ღირებულება იმის გამო, რომ მასალას უცხოური ვალუტით ყიდულობენ. საბოლოოდ, არ გვექნება სტაბილური ფასი და ძალიან შეფერხდება უძრავი ქონების ბაზარი. იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც ბინას ყიდის, ზოგს ვალის გასასტუმრებლად ჭირდება თანხა, ზოგს სხვა აუცილებლობა გააჩნია. ამ მხრივ რთული წელი გველოდება. ასეთი რეალობის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, ბანკის სესხიც და უძრავ ქონებასთან მიბმული სხვა საკითხები უნდა რეგულირდებოდეს ეროვნულ ვალუტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება ადვილი პროცესი", - განუცხადა "რეზონანსს" გოგუაძემ.

ბინების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა რთულად წარმოუდგენია "აი-ჯი-ეს ჯგუფის" ხელმძღვანელს შოთა გუჯაბიძეს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ხელისუფლების გადაწყვეტილება მიმართულია არა უძრავი ქონების ბაზრის სასარგებლოდ, არამედ ლარიზაციის პროგრამისკენ. ამიტომაც ეს ნაბიჯი ლარზე მოთხოვნას გაზრდის, თუმცა ბინების რეალიზაციის მაჩვენებელს საგრძნობლად შეამცირებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი