დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"

დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტიკოსი, ამჟამად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მისი მეუღლე, სოფო ფარცხალაძე, მერვე წელია დაქორწინებული არიან. ასაკობრივი სხვაობა (საგანელიძე მეუღლეზე 30 წლით უფროსია) რომელსაც მათი დაქორწინებისას დიდი განსჯა მოჰყვა, უკვე 8 წელია მათ ოჯახურ ურთიერთობებს ვერაფერს აკლებს.

სოფო ფარცხალაძე 27 წლის ასაკში უკვე სამი შვილის დედაა. პირველი შვილი ნოდარიკო 21 წლის ასაკში გააჩინა, ელენე 23 წლისას შეეძინა, ორი წლის წინ კი ანდრია ეყოლა. ოჯახური იდილიის შესახებ სოფო ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.

"ბავშვების დაბადებამ ჩემი და დათოს ურთიერთობას მეტი სითბო, სიყვარული, პასუხისმგებლობა შესძინა, საერთო საზრუნავი გაგვიჩნდა. ვერ გეტყვით, რომ მთელ დღეს ბავშვებთან და ჩემთან ერთად ატარებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, სადმე წაიყვანოს, გაართოს. შვილებზე გადაყოლილი მამაა. თუ ბავშვებს რამე უნდათ, არ არსებობს, არ გაუჩინოს. მათ ძალიან ათამამებს... ბავშვების გამო სახლში ყოველთვის წესრიგი არ არის, მაგრამ დათოს არც ამაზე აქვს გართულება. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს მომენტები ალბათ ყველასთანაა. ქმარს შეშინებული არასდროს ველოდები, რომ, ვაიმე, ახლა რას იტყვის.

...როცა მე და დათო ვიკამათებთ, მეტყვის ხოლმე, თუ გინდა, შეგირიგდე, მოდი, მაკოცეო და იქ მთავრდება ყველაფერი. იცის, ამაზე გამეცინება. თვითონაც ასეთი ხასიათი აქვს, გულში ცუდის ჩადება არ იცის.

...არ ვარ ის ტიპაჟი, რომ აქტიურად ვჩანდე. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მე მირჩევნია, წყნარად ვიყო შვილებთან და მეუღლესთან ერთად. არც ის მინდა, ზედმეტად დადებითად საუბრობდნენ ჩემზე და არც - ზედმეტად უარყოფითად. ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც ნებისმიერი რიგითი ოჯახი.

- ასაკობრივი სხვაობის გამო თქვენს ქორწინებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. თქვენზე როგორ მოქმედებდა ამ ყველაფერს რომ განიხილავდნენ?

- პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თან ცოტა ინტერესიანი ერიც ვართ, სხვის ოჯახში რა ხდება, გვაინტერესებს. ველოდი, რომ რაღაც დროის შემდეგ ყველა დაშოშმინდებოდა, რადგან ჩემს თავში ვიყავი დარწმუნებული. ერთი დღისთვის გათხოვილი ადამიანებიც ხომ არსებობენ, გათხოვდებიან, მერე ჩაალაგებენ ბარგს და უკან გამოიქცევიან. მე ამ მიზნით არ შემიქმნია ოჯახი, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. უკვე მერვე წელია, რაც მე და დათო ერთად ვართ და, მგონი, დროა ეს მითქმა-მოთქმა აღარც იყოს. მგონი, კითხვებიც აღარ დარჩა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"