"მეგობრის ქორწილში მოტყუებით მოგვაწევინეს" - რას ჰყვებიან მაშველები, რომლებიც მარიხუანას გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

"მეგობრის ქორწილში მოტყუებით მოგვაწევინეს" - რას ჰყვებიან მაშველები, რომლებიც მარიხუანას გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, სამაშველო სამსახურის 4 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული 4 პირი სამსახურიდან დათხოვნილია შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.

"2017 წლის 3 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხივე პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახით თითოს 500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 45-ე მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას", - აცხადებენ შსს-ში.

მაშველები: იოსებ ძინძიბაძე, ნური ბარამიძე, ირაკლი ბერიძე, რომან ასანიძე აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს თანამშრომლის ქორწილში იახტის მფლობელმა ედიშერ დევაძემ მათ მოტყუებით მარიხუანა მოაწევინა.

"25 დეკემბერს მოტყუებით მარიხუანა მოგვაწევინეს. გენერალურმა ინსპექციამ შემოწმებაზე გადაგვიყვანა, ჩავაბარეთ ანალიზები და მარიხუანას მიღება აღმოგვაჩნდა. ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, რადგანაც მარიხუანას მწეველები არ ვართ. მაშველები ვართ და ვემსახურებით საქართველოს. მოვითხოვთ სასამართლო კანონიერად წარიმართოს",- განაცხადა რომან ასანიძემ.

მათ უფლებებს სასამართლოში ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის პროკურატურა საკითხის მოკვლევას აჭიანურებს.

"ედიშერ დევაძემ, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის არის ნასამართლევი, მოტყუებით მარიხუანას შერეული სიგარეტი მოაწევინა სამაშველო სამსახურის ოთხ თანამშრომელს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისინი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. საუბარია, განყოფილების უფროსზე, გემ წაყვანზე და სხვა თანამშრომლებზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ აჭარის პროკურატურას მივმართეთ, სადაც ჭიანურდება გამოძიება და აგრეთვე, ჯერჯერობით არ დაწყებულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომები. ამ ოთხ თანამშრომელს მთელი კოლექტივი სოლიდარობას უცხადებს. თუ არ დააბრუნებენ გათავისუფლებულებს, მოსალოდნელია გაფიცვებიც", - აცხადებს დავით ჯაფარიძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ