რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო. ეთერში გასვლა NRJ-ის ქართულმა წარმომადგენლობამ თბილისის სტუდიაში, დოლიძის #2-ში მდებარე "რადიო კაფეში" საგანგებო ღონისძიებით აღნიშნა და ჟურნალისტებს პრეს-ლანჩზე უმასპინძლა.

უყურადღებოდ არ დარჩენილან შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგურის შემოსვლა მომღერლებმაც აღნიშნეს, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია, დათო ხუჯაძე, ვერიკო ტურაშვილი, დათუნა მგელაძე, ლადო ბურდული, სოფო ბედია, კახა კუხიანიძე, თიკა ბალანჩინი და სხვები.

რადიოს სახე თეა დარჩია იქნება - "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე NRJ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და საავტორო გადაცემის წამყვანია. მან ღონისძიების სტუმრებს რადიო კაფეში უმასპინძლა და სამომავლო აქტივობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თეა დარჩიას საავტორო გადაცემა თავდაპირველად კვირაში ორჯერ, 23:00 -დან 01:00 საათამდე გავა ეთერში. მსმენელის დაინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაცემების სიხშირე გაიზარდოს.

თეა დარჩია: "გადაცემაში მოვიწვევ სტუმრებს, მათ შორის, ახალგაზრდა, დამწყებ მუსიკოსებს და საზოგადოებას სხვადასხვა რაკურსით გავაცნობ. აქვე იქნება ყველაფერი ლაივში, სტუმარს შეუძლია მეგობრებიც დაპატიჟოს. სამი გამომსახველობა იქნება - რადიო, ინტერნეტვიზუალი და ტექსტუალური ფორმა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის საინტერესო იქნება.

ერთ სივრცეში, სადაც განთავსებულია რადიო და კაფე, სტუმრებს საშუალება აქვთ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და რადიო შოუებს მაყურებლის რანგში დაესწრონ.

ლადო ბურდული, მუსიკოსი: "რადიოს რომ "ენერგია" ჰქვია და თეა დარჩია აქ არის, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან კარგი ფორმატია, მე არ მსმენია, რომ ასეთი ფორმატი საქართველოში ან სადმე სხვაგან ყოფილიყო. ძალიან მაგარია, რომ ურთიერთობა ექნებათ ადამიანებს რადიოს, ასევე ინტერნეტის საშუალებით და ეს ყველაფერი ცოცხლად, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს და მიმზიდველს გახდის რადიოს."

რადიო NRJ საფრანგეთში 1981 წელს დაარსდა და ის იყო პირველი კომერციული, ახალგაზრდული რადიო. მას შემდეგ, რადიო NRJ -ის არ დაუთმია პოზიციები და მუდმივად ლიდერობს რეიტინგებში. მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე საქართველო. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ქართული მხარე საფრანგეთთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

გიორგი შარაშიძე, რადიო NRJ საქართველოს დამფუძნებელი: "ერთი წელი დაგვჭირდა, რადიო NRJ -ის მენეჯმენტი დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო მათთვის ისეთივე საინტერესო ბაზარია, როგორიც არის საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა. საქართველო მე-14 ქვეყანაა, სადაც მაუწყებლობას იწყებს ევროპაში პოპულარული და ლიდერი რადიო NRJ . ეს პოზიტიურად შეცვლის ვითარებას საქართველოს რადიო ბაზარზე. რადიოსთან ექსკლუზიურად თანამშრომლობენ თანამედროვე შემსრულებლები, შოუ ბიზნესის ვარსკვლავები. საქართველოში შემოსვლით ჩვენ ვხდებით დიდი საერთაშორისო ოჯახის წევრი. რაც შეეხება სივრცეს, ჩვენი აზრით, ეს არის უნიკალური ფორმატი, რადგან რადიოს სტუდია კაფეში განთავსდა, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს მსმენელთან ფიზიკურად ახლო კავშირში ვიყოთ. მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ რადიო შოუებს და პარალელურად ისიამოვნონ კაფეში არსებული სიტუაციით და მონაწილეობა მიიღონ რადიო შოუებში".

რადიო კაფეში გამართული ღონისძიება ბრენდირებული ტორტის გაჭრით დასრულდა.

რადიო NRJ-ის მოსმენა შესაძლებელია ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი