პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.

შესაბამისად, ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.

რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპოექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნ არანაკლებ სამ კანდიდატს. სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებული სააგენტოს უფროსის კანდიდატურას კომისია დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

კანონპროექტის განხილვის პროცესში განხორციელდა ცვლილება, რომლის გათვალისწინებით, სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როგორც ეს პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოცანებია: უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა განახორციელებს: პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."