ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა

ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა

ერთი თვეა, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია მწვავე ინსტულტით საავადმყოფოში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე გახლდათ. როგორც AMBEBI.GE-ს ილუზიონისტის ქალიშვილმა, მიმი ვადაჭკორიამ აცნობა, ზურას ცნობიერება დაუბრუნდა.

"უკეთესობაა, მამაჩემი გონზე მოვიდა, თუმცა აპარატიდან მთლიანად არ არის მოხსნილი, ამიტომ რეანიმაციაში რჩება. როგორც გვეუბნებიან, აპარატიდან უცებ მოხსნა არ შეიძლება, დაკვირვების რეჟიმში უნდა იყოს, მაგრამ სასიხარულოა, რომ თავისით სუნთქვა შეუძლია..."

- თქვენთან კონტაქტში შემოდის?

- როდესაც რაღაცას ვეკითხებით, თავის მოძრაობით გვპასუხობს...

- იცის, რაც სჭირს?

- არაფერი გვითქვამს... საერთოდ, მგრძნობიარე ადამიანია, სავარაუდოდ, ყველაფერს ხვდება... გუშინ მე და ჩემი ძმა საწოლთან ვედექით. ჩემმა ძმამ მკითხა, - ნეტავ, ყველაფერი ესმის? ალბათ ესმის-მეთქი და ამ დროს თავი დაგვიქნია...

- მოკლედ, ხელოვნური კომიდან პრაქტიკულად, გამოყვანილია...

- დიახ, ღვთის წყალობითა და ექიმების დიდი ბრძოლით უკეთესობაა და იმედი მაქვს, კიდევ უკეთესად იქნება. საერთოდ, ძლიერი პიროვნებაა, მებრძოლი და ალბათ ამ დაავადებასაც ბოლომდე შეებრძოლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს.

- ექიმები რას ამბობენ?

- მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობით გაოგნებულია, რადგანაც ტვინის ის ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, რომ ამის გამო ზურას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცუდი პროგნოზები კეთდებოდა. მოკლედ, როგორც გითხარით, სიცოცხლე შეუნარჩუნდა, ცნობიერება დაუბრუნდა, დანარჩენი კი დროზეა დამოკიდებული, წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით.

- როგორც ვიცი, ინსულტიანი პაციენტის მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. ამ საქმეში მხარში ვინ გიდგათ?

- მერიამ მოგვცა საგარანტიო ფურცელი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას. სრული კურსი 20 ათას ლარი ჯდება და განაცხადი ამ თანხაზე გვქონდა გაკეთებული. მერიამ 6.000 ლარით დაგვიფინანსა. ველოდები, რომ რაღაც სხვა გზაც გამოიძებნება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. მადლობა ასევე ახლობლებს, მეგობრებს. მამაჩემის მეგობრების ნაწილს, ვინც სცენაზე დგას (მომღერლები, მსახიობები) უნდათ, რომ ტელემარათონი ჩატარდეს. მადლობა შალვა ოგბაიძეს, როგორც შეუძლია იბრძვის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზურას ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და სთხოვა ადამიანებს, როგორც შეძლებთ, დაეხმარეთო... ასე რომ, უკეთესის მოლოდინი გვაქვს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი