თბილისის მერიამ გარემოვაჭრეები გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვის შესახებ გააფრთხილა

თბილისის მერიამ გარემოვაჭრეები გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვის შესახებ გააფრთხილა

გარევაჭრობის აკრძალვისათვის საჭირო ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის და ჩუღურეთის გამგეობების თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. გარემოვაჭრეების გაფრთხილება მოხდა ასევე ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში.

როგორც მერიაში აცხადებენ, გამგეობების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები ინფორმირებულები არიან თბილისში არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ.

"გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ექვსი თვის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.

"დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი