გახდება თუ არა სირია რუსეთ-თურქეთის შორის ახალი განხეთქილების მიზეზი?

გახდება თუ არა სირია რუსეთ-თურქეთის შორის ახალი განხეთქილების მიზეზი?

რუსეთმა შესაძლოა, თურქეთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, სირიის თემაზე თურქეთ-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა, სირიის პრეზიდენტის დახმარებაზე უარი თქვას, რასაც რუსეთმა დუმილით უპასუხა. თუმცა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მათ თურქეთში ჩარტერული რეისების დროებით შეწყვეტა მოუხდეთ.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს განგებ გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რათა თურქეთი საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდეს. შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზი წერილში განმარტებული არ არის, თუმცა, რუსული მედია უკვე საუბრობს ორ ქვეყანას შორის "პოლიტიკური ვითარების გამწვავებაზე".

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ საუბარია შესაძლო აკრძალვაზე. მაქსიმ სოკოლოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, - "საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ მართლა აკრძალვის შემთხვევაში, ავიაკომპანიებისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს და თადარიგი უნდა ჰქონდეთ დაჭერილი".

რუსული მედია უკვე საუბრობს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომელიც მან 8 აპრილს გააკეთა და რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დახმარებაზე, შესაძლოა, ახალდამეგორებული რუსეთისგან მწვავე პასუხები მოჰყვეს. არადა, ჩავუშოღლუმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ზავის შესანარჩუნებლად რუსეთი საკმარის ღონეს არ ხმარობს...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სირიის მთავრობა ჯერ კიდევ ფლობს ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან ერთ-ერთ თურქულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, - "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების პოტენციალი. აუცილებელია, რეჟიმმა შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება და ჩვენ ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ასადის რეჟიმი ხშირად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

ცნობისთვის, თურქეთი სირიის საჰაერო ბაზაზე ამერიკის სამხედრო თავდასხმას მიესალმა და აღნიშნა, რომ ანკარა თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან დამასკოს წინააღმდეგ უფრო ხანგრძლივი და აგრესიული პოზიციის დაკავებას მოელის.

კარგა ხანია, თურქეთი, რომელიც სირიელი ამბოხებულების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, დასავლელ მოკავშირეებს, კონკრეტულად კი ვაშინგტონს დაჟინებით სთხოვდა, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა. სირიის საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონსა და ანკარას განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, რაც მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე