"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი

"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი

"ცეკვავენ ვარსკვლავების" VII საერთაშორისო სეზონზე პროექტში კინოპროდიუსერი, ათლეტური აღნაგობის და სიმპათიური გარეგნობის ირაკლი მაქაცარიაც გამოჩნდა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით პოპულარული ცნობილი უკრაინული შოუთი - Холостяк გახდა.

ირაკლი უკვე კარგა ხანია მანდილოსნების გადაჭარბებული ყურადრებით არის განებივრებული. მას საკუთარი კომპანია აქვს, რომელიც საქართველოში ინდური კინოს მიმართულებით მუშაობს, ჩვენს ქვეყანაში ინდური მუსიკალური კლიპების გადაღებას აწარმოებს. საკუთარი საქმე მას ძალიან იზიდავს და მოსწონს...

მაქაცარიას მეწყვილე პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაა. წყვილმა საპრეზენტაციო ტურშივე მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოქცევა იოლად შეძლო და ჟიურიმ ისინი ძლიერ და პერსპექტიულ პარტნიორებად დაასახელა.

სალომეს და ირაკლის AMBEBI.GE სარეპეტიციო დარბაზში შეხვდა:

ირაკლი მაქაცარია:

- პირველად პროექტიდან შარშან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინაში შოუ Холостяк გადიოდა, კონტრაქტიდან გამომდინარე, უარი ვთქვი... "ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში ერთ-ერთი ჯანსაღი და კარგად გაკეთებული პროექტია, რომელიც ჩვენს ტელესივრცეში ხანგრძლივად უნდა არსებობდეს. მსოფლიოს მასშტაბითაც რომ ვიმსჯელოთ, - ყველაზე პოპულარულ ტელეპროექტად არის დასახელებული და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა, ამიტომ, არ მიკვირს, რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს საქართველოშიც, ქვეყანაში, სადაც ცეკვა და სიმღერა ერის კულტურის ნაწილია.

ასე რომ, ამ შოუს მიმართ ძალიან დადებითად ვიყავი და ვარ განწყობილი და დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, რომ მასში ჩავრთულიყავი. ერთადერთი პრობლემა სამუშაო გრაფიკი და ისევ დრო იყო, რადგანაც უკრაინაში მიწევს ყოფნა, ასევე გადაღებები საქართველოში. რაღაცნაირად გავიჭირვე, საქმე გადავალაგე, უკრაინაში პარტნიორები მეხმარებიან, საქართველოშიც ისე გადაიბარეს საქმე, რომ ახლა ყოველდღიურად 8-9 საათი მაქვს იმისთვის, რომ სარეპეტიციო დარბაზში ვიყო.

- ასეთი დატვირთვა არ გიჭირთ?

- გასულ სეზონზე ჩემი მეგობარი, ანდრია გველესიანი ცეკვავდა სალომესთან ერთად და ანდრიასგან ვიცოდი, რომ დღეში 8-9 საათი უწევდა რეპეტიცია. მოკლედ, ვეჭვობდი იმას, შევძლებდი თუ არა ამდენი დროის გამოძებნას, ყველაფრის შეთავსებას და ჩემი საყვარელი საქმიანობის (ფილმების გადაღება) დროებით გვერდით გადადებას. თუმცა, ცეკვა უზომოდ მიყვარს, ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. კარგად გამომდიოდა და მასწავლებლები ფიქრობდნენ, ცეკვას გავყოლოდი, მაგრამ მშობლებმა სხვა გზაზე დამაყენეს, სწავლა-განათლების მიღება გადავწყვიტე.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ვისწავლო ის ცეკვები, რასაც პროექტში პროფესიონალები მასწავლიან (სალომე, დიმა - დამდგმელი ქორეოგრაფი). ამის არგამოყენებაც დასანანი იქნება და ვცდილობ, მაქსიმალურად ვისიამოვნო პროექტით, შევირგო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მერე აღარ მექნება იმდენი დრო, ცეკვაში ასე გავატარო.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ სალომე ჭაჭუა იქნებოდა თქვენი პარტნიორი?

- პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს, მგონი, მას ყველა იცნობს და აფასებს როგორც პროფესიონალს. მისი კარიერა "ცეკვავენ ვარსკვლავებით" არ დაწყებულა, წარმატებული ადამიანია, ბევრი რამ გაუკეთებია და ამ წარმატებულ გზას აგრძელებს. ჰყავს უამრავი მოსწავლე, მაგრამ ფართო საზოგადოებამ მაინც ამ პროექტით გაიცნო.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი მოცეკვავეა, სალომეს აქვს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული შტრიხები, პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები, ენერგეტიკა, რასაც მაყურებელი კარგად ხედავს. სალომე ჭაჭუა უდრის ცეკვას - ეს ერთი მთელია. როცა გავიგე, მასთან უნდა მეცეკვა, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. იყო ოდნავ შიშიც, რადგანაც იმდენად იდეალისტი და მაქსიმალისტია, საკუთარი მონაცემებით ცეკვაში ყველა პარტნიორს ჩრდილავს. მეწყვილე რაც უნდა ეცადოს, რთულია, მიუახლოვდეს. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად გამიხარდა კიდეც, რადგანაც ძალიან შრომისმოყვარეა, რაც ჩემს პიროვნულ თვისებებთან ახლოსაა. გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება, რომელსაც არა თუ დაეზარება შრომა, სხვასაც აიძულებას ამას.

სალომე ჭაჭუა:

- ირაკლი ჩემზე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, მეუხერხულება, მადლობა ამისთვის... მეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. უზომოდ შრომისმოყვარეა. მასთან მუშაობა არ მიჭირს, რადგანაც ზუსტად ისე მოგყვება, როგორც მე მიყვარს და საქმეს სჭირდება. მოკლედ, მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ იცის, ეს პროცესი რა რთულია, ცეკვა სიამოვნებს და ყველაფერს ინტერესით აკეთებს. მოკლედ, კარგი ბიჭია!

- შენც არ იცნობდი პროექტამდე, ხომ?

- წინა სეზონზე ჩემი პარტნიორი ანდრია გველესიანი იყო და ირაკლიზე მისგან მსმენია, თავის ტყუპისცალს ეძახის, - ვგავართო... ირაკლი რეპეტიციაზე პირველად რომ მოვიდა, მეგონა, დეჟავუ მჭირდა, - ანდრია ხომ არ დაბრუნდა-მეთქი... ეს ერთი შეხედვით, რეალურად კი ხასიათით სხვანაირები არიან. უზომოდ დიდი იუმორის გრძნობა აქვს და მთელი გაკვეთილები სიცილსა და ხალისში გაგვყავს...

- ათლეტურ აღნაგობასთან ერთად, ირაკლი პლასტიკურიც აღმოჩნდა...

- ამაში ის დაეხმარა, რომ რაღაც პერიოდი ბავშვობაში ცეკვავდა... თუმცა ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ათლეტურია ცეკვებისთვის და პლასტიკაში გაუჭირდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, იმედია, ჩვენი მუშაობა ასევე გაგრძელდება.

ირაკლი:

- პროექტში ძლიერი წყვილები არიან, მაგრამ ერთს დავამატებ, - ძლიერი წყვილი არ არსებობს, არსებობს წყვილი, რომელიც ბევრს შრომობს. საერთოდ თუ ნებისმიერ საქმეში მაქსიმალურად შრომას ჩადებ, საკუთარ თავზე იმუშავებ, შედეგი გექნება. თუ საპრეზენტაციო ტურზე მე და სალომემ ერთად რამე შევძელით, ეს იმის შედეგია, რომ დღეში 2-ჯერ, 4 საათი დარბაზში ვვარჯიშობთ, ვმუშაობთ.

- არ იღლებით?

- პირველად რომ დავიწყე რეპეტიცია, ორგანიზმი იმდენად არ არის ცეკვის ილეთებს მიჩვეული, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვვარჯიშობ, მუხლები, სახსრები რაღაც სხვანაირად მეტკინა, რომლის აღდგენისთვისაც მეტი დროა საჭირო... როგორც ვთქვი, პროექტი აქამდეც ხომ მომწონდა, მაგრამ რაც აქ მოვედი, კიდევ სხვანაირად აღვიქვი და დავაფასე მოცეკვავეების შრომა, რაც სამწუხაროდ, სცენაზე გამოსვლისას არ ჩანს, მაყურებელი სააბოლოო პროდუქტს ნახულობს, არადა, ადამიანები საათობით თავდაუზოგავად შრომობენ.

მოკლედ, ეს ყველაფერი ბევრად რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. უბრალოდ, იმით ვარ გაოცებული, სალოს საიდან აქვს ამდენი ენერგია? აქ ხომ ვვარჯიშობთ, მერე ბავშვებს ამეცადინებს, კლასები ჰყავს. სხვა წყვილებსაც ეხმარება კონკრეტული დადგმის შეკვრაში. ასე რომ, ზოგადად დასვენაბა და დაკარგული ენერგიის აღდგენის პროცესი არის მნიშვნელოვანი (სახსრებს, მყესებს, კუნთებს - ყველაფერს განტვირთვა სჭირდება), მაგრამ ამის დრო არ არის, შაბათს უკვე რეპეტიცია გვაქვს, მომდევნო ცეკვის სწავლას ვიწყებთ...

აქ მოსვლის შემდეგ გარკვეული აღმოჩენები გავაკეთე, ჯერ ის, რომ დღეში ასეთი დატვირთვით ვვარჯიშობ ცეკვაში, მერე მეგონა, ილეთების თანმიმდევრულად დამახსოვრებას ვერ შევძლებდი, რადგანაც კარგი მეხსიერებით არ გამოვირჩევი, მაგრამ საკუთარი თავი გავაკვირვე.

- სალომე, ამ პროექტში სხვადასხვა დროს ბევრი წარმატებული მეწყვილე გყავდა. ირაკლი მათგან რით განსხვავდება?

- შედარებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, - ჩემი პარტნიორები, ვინც ამ პროექტში მყოლია, რაღაცით გამოირჩევიან სხვებისგან. კონკრეტულად ირაკლი ზედმეტად შრომისმოყვარეა და ცდილობს, რასაც მოგვცემენ და რასაც ვაკეთებთ, ბოლომდე ხარისხიანად გავაკეთოთ.

- ირაკლი უკვე შეძელით და არაერთი გოგონას გული მოიგეთ, თაყვანისმცემლები საკმარისად შემოიკრიბეთ...

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უკრაინაში ნამდვილად მივეჩვიე ამას, რადგანაც ისეთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომელიც იდეაში რომანტიკულია, გათვლილია მანდილოსნებზე, რომ მათ იდეალურ პაემანზე, ურთიერთობებზე წარმოდგენა შეუქმნას, ქვეცნობიერად ყველა მანდილოსანი ხომ თავის პრინცზე ფიქრობს?

- ე.ი. მათთვის ოცნების პრინცი იყავით.

- თავს პრინცს არ ვადარებ, მაგრამ უხეში პარალელი რომ გავავლოთ, პროექტი აჩვენებდა, როგორ შეიძლება გოგონამ ურთიერთობა ააწყოს მამაკაცთან...

ყველას დიდი მადლობა, ვინც გვიყურებს, გვგულშემატკივრობს და მხარს გვიჭერს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება