"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ევროპული საქართველო" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს საკითხს, რომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პროკურატურის არაფორმალური მმართველია და აღნიშნულ საქმეს პროკურატურა ვერ გამოიძიებს.

"ცნობილია ის გახმაურებული ფაქტი, როცა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად სცემა გენერალური აუდიტორი, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. როგორც წესი, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა ამ პროკურატურის მიმართ. ფარცხალაძე, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ დანაშაულში, თავად არის ამ პროკურატურის არაფორმალური მმართველი. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ ესტუმრნენ ფარცხალაძეს სახლში შსს-ს წარმომადგენლები მეგობრული ვიზიტით. ჩვენ მოვისმინეთ არა ერთი განცხადება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან, სადაც ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი ქმედება გაამართლონ. ამ ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან ვერ მოხდება და ამიტომ, ეს საქმე უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, მომხდარმა ნათელი გახადა თბილისის მერიის კორუფციული საქმეებს, რის შესახებაც ასევე პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.

ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება მისცეს უმრავლესობას.

"ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით სამომავლოდ, უმცირესობის პრეროგატივა იქნება საგამოძიებო კომისიების შედგენა. აქედან გამომდინარე ვთავაზობთ მათ, რომ ახლავე გამოვიყენოთ ეს უფლება და შეიქმნას კომისია. ეს იქნება ტესტი პარლამენტის, რომ საკმაოდ დიდი გავლენების მქონე ფარცხალაძის საქმე გამოვიძიოთ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."