ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრიგოლ (გრიშა) კოსტავა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. საქართველოს სახალხო არტისტის, გრიგოლ კოსტავას რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკში დასრულდა.

სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია "ხსნის კომიტეტი" შეიქმნა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ საქართველო ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ორგანიზაციის წევრ გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა. მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე. კოსტავას დახვრეტა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

- მამის შესრულებით, განსაკუთრებულად რომელი როლი გახსოვთ? - ამ შეკითხვით მსახიობის ვაჟს, ფიზიკოს დათო კოსტავას მივმართე.

- თეატრში პრემიერებზე ხშირად დავდიოდი. მამა სცენაზე "მთვარის მოტაცებაში" მახსოვს, იმის მერე თითქმის არც უთამაშია, ხშირად ავადმყოფობდა. ცხადად დამრჩა მეხსიერებაში ფილმი "ნინო" და სირცხვილის გრძნობა მქონდა ერთი ეპიზოდის გამო, როცა მამას სილა გააწნეს. სკოლაში დამცინოდნენ, - მამაშენი სახლში რომ მოვიდა, ხუთი თითი ეტყობოდაო? არც ისე ბევრი ფილმია მისი მონაწილეობით, ათამდე იქნება. ბოლო სურათი "ესკულაპეს მოწაფე" იყო. ადრეც და ახლაც, ძალიან მომწონს მისი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები". იმ დროისათვის მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანური და არაგროტესკული სახეა. მიკვირს, ეგ ეპიზოდი როგორ გაუშვეს? რეზო ჩხეიძე ფილმებში იმიტომ იწვევდა, რომ რეზოს მამა, მწერალი დავით ჩხეიძე (იგივე დია ჩიანელი, რომელიც დახვრიტეს) და მამა მეგობრები იყვნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მამას შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში იღებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურება ჰქონოდა. მაგალითად, ფილმში "ბაში აჩუკი" მამამ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ როგორც მთავარი როლი, ისე გააფორმა, რათა დიდი ჰონორარი აეღო. ასეთი სიყვარული ჰქონდა გრიშა კოსტავას მიმართ. არ შემიძლია გიგა ლორთქიფანიძე არ ვახსენო, რომელმაც პირადი გამბედაობის ხარჯზე მიიღო ქუთაისის თეატრში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობის უფლება.

- მარჯანიშვილის თეატრში მისი ახლო მეგობრები ვინ იყვნენ?

- აკაკი კვანტალიანი, ალე ომიაძე... ახალგაზრდა მეგობრებიც ჰყავდა, ასაკით მასზე ბევრად უმცროსი თენგიზ არჩვაძე და მალხაზ ბებურიშვილი. ოჯახშიც მოდიოდნენ სტუმრად. სანამ მამას ენერგია და ძალა ჰქონდა, სმაც უყვარდა, ქეიფიც და ზომიერად ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლის ბოლო 7-8 წელი უკვე ავადმყოფობდა.

- ქუთაისში დაიბადა. იქ ნათესავები გყავთ?

- გვყავს და მათ შორის იყო მამაჩემის მამიდაშვილი, პოეტი ლილი ნუცუბიძე. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ერთ საღამოზე დამპატიჟეს და მაშინ გავიგე, ეს ქალბატონი რამდენი ცნობილი სიმღერის ლექსის ავტორი ყოფილა.

- ბებიაზე რას გვეტყვით?

- მამის დედა, ეკატერინე ნუცუბიძე როცა გარდაიცვალა, 3-4 წლისა ვიქნებოდი. ბებია არ მახსოვს, მაგრამ მეხსიერებაში ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ძალიან მიყვარდა. - იმას გაუხარდებოდაო, - მეტყოდნენ ზოგჯერ და მეც, მისი ხათრით რაღაცას მაჭმევდნენ ან მაკეთებინებდნენ (იღიმის). მეორე ბებიის გარდაცვალების დროს ჯარში ვიყავი.

- დედაზე მომიყევით. სად გაიცნო მამამ?

- ერთმანეთს ახლობლის ოჯახში შეხვდნენ. დედა - ცისია ყაზახაშვილი რუსული ენის პედაგოგი გახლდათ. მისი მშობლები გაყრი­ლები იყვნენ, მამა რჩეულიშვილი ჰყავდა, მაგრამ დედის გვარზე იყო. ყაზახაშვილები ყოფილი სულიკაშვილები არიან, ისინი მეფე ერეკლეს განუდგნენ და ეს გვარი მიიღეს. დედაჩემის მამა სოციალ-დემოკრატი იყო და თავის დროზე გადაასახლეს.

მსახიობის საოჯახო ფოტოების თვალიერებისას, გრიგოლ კოსტავას ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ამოტივტივდა. ნიჭიერება მსახიობობის გარდა, თურმე, ქანდაკებაშიც გამოამჟღავნა და ერთხანს, იაკობ ნიკოლაძის მოწაფე ყოფილა. მოყვარული მოქანდაკე ეთქმოდა, თუმცა მისი გამოძერწილი ბიუსტები წლების მანძილზე, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეს ამშვენებდა.

როდესაც მსახიობი დააპატიმრეს, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს და დედამისს მასთან ლობიოს შეჭამანდი მიჰქონდა ხოლმე. გრიშა ქვაბს უკან აბრუნებდა და შიგნით ლობიოს რამდენიმე მარცვალს ტოვებდა. თხელ პერგამენტის ფურცელზე დაწერილ წერილებს მარცვლებში დებდა და მსახიობის ოჯახის წევრები ამ გზით იგებდნენ მის ამბებს.. განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)