წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე ადგილზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.
ამჟამად გზა ჩაკეტილია. უამინდობის გამო საპატრულო პოლიცია გზაზე მანქანებს არ ატარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, წვიმამ ამჟამად გადაიღო, თუმცა პრევენციის მიზნით გზა მაინც ჩაკეტილია. მისივე თქმით, ამჟამად მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არ არსებობს.
"წყნეთი-ახალდაბის გზაზე ჩამოიტანა ნაშალი მასალა და დააზიანა გზა. ამჟამად ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მორიგეობს. გზა ამჟამად ჩაკეტილია. არ უშვებენ არავის არც ახალდაბის მხრიდან და არც წყნეთის მხრიდან", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.