- მას მერე, რაც ჩემი ცოლი საზღვარგარეთ წავიდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ასე მგონია, აქ რომ დარჩენილიყო, მაინც არაფერი გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ეტყობა, ჩემთან დაშორების სხვა გზა ვერ გამონახა და გაიქცა, მიზეზად კი შვილების სწავლა-განათლება ჰქონდა... როცა მითხრა, - გადავწყვიტე, საბერძნეთში ან იტალიაში უნდა წავიდეო, მეგონა, ხუმრობდა (რადგან როცა იგებდა, ვიღაც სამუშაოდ წავიდაო, ამას განიცდიდა და იმ ქალების ქმრებს აძაგებდა, რომლებიც ცოლებს სამუშაოდ უშვებდნენ და მერე მათ ხარჯზე ცხოვრობდნენ), ჰოდა, მეც ხუმრობითვე ვუთხარი: ჰო, წადი, ბევრი ფული გამომიგზავნე და მე აქ ვიგულავებ-მეთქი. ჩემს სიტყვებზე დიდი რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ ის მითხრა: ისღა მაკლია, შენს საყვარლებში ფული ვიხადოო. თურმე, ამ დროს უკვე წასასვლელად ემზადებოდა და მეგობრის დახმარებით, საბუთებსაც აგროვებდა... თანხაც მოიძია როგორღაც, პროცენტიანი ვალით წავიდა საბერძნეთში...
- თუ არ გინდოდათ, რომ წასულიყო და ფიქრობდით, რომ მატერიალურადაც არ გიჭირდათ ისე ძალიან, რომ ერთმანეთისგან შორს ყოფნა ამის გამო მაინც აგეტანათ, რატომ არ შეეწინააღმდეგეთ?
- შევეწინააღმდეგე, მაგრამ ვინ დამიჯერა? უკვე გადაწყვეტილი ამბავია, ვალიც ავიღე და რომ არ წავიდე, მძიმედ დააწვება ეს ვალი ჩვენს ოჯახსო. მართალიც იყო ამ მხრივ. პროცენტიანი ვალის გადახდა და წყალში გადაყრილი ფული ოჯახს საძირკველს ისედაც გამოაცლიდა... მერე შვილებმაც მთხოვეს, - დამშვიდდი, ვალს გაისტუმრებს, ცოტაოდენ ფულს იშოვის, რომ ამოვისუნთქოთ და დაბრუნდება, ცოლი არსად გაგექცევა, თქვენს 22-წლიან ურთიერთობას დანგრევა არ ემუქრებაო. თან დამცინეს, - კაცი ცოლს ასე მისტიროდეს, პირველად ვნახეთო. იმ დროს ჩემი უფროსი შვილი მეორე კურსის სტუდენტი იყო, შუათანა სკოლას ამთავრებდა, უმცროსი მეცხრე კლასში გახლდათ... როცა წავიდა, თავს ვიმშვიდებდი, რომ მაქსიმუმ, სამ წელში დაბრუნდებოდა, მაგრამ მას მერე 9 წელზე მეტი გავიდა და ცოლს მხოლოდ ინტერტენის წყალობით თუ ვხედავ, მაშინაც, ჩემთვის სიტყვა არ ემეტება, სიძუნწეს იჩენს ლაპარაკისას და თუ შვილები შინ არ არიან, ამ შემთხვევაში საერთოდ, "გამარჯობის" გარეშე გარბის "სკაიპიდან"... მე მას ისევ ველოდები და თან მტანჯავს ეჭვიანობა.
- ის ამის საფუძველს გაძლევთ?
- იმაზე მეტი საფუძველი რა უნდა იყოს, რომ ჩემთან ლაპარაკი არ უნდა? ეტყობა, აღარ ვუყვარვარ. ისე, რომ ვყვარებოდი, ჩემი სიტყვა მისთვის ფასეული იქნებოდა და თავის დროზე არ მიმატოვებდა. ახლა ლაპარაკიც ეზარება ჩემთან, გაურბის ყველა დასმულ კითხვას. იცის, რომ მისი ერთგული ვარ და ამისთვის მადლობა ერთხელაც არ უთქვამს. ამას წინათ ხუმრობა ვცადე, როდის ბრუნდები? იცოდე, მეც კაცი ვარ და შეიძლება, ვინმეს მივეპარო-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? - კი, ბატონო, შეგიძლია, ცოლიც შეირთოო. რომ გავცეცხლდი, გეხუმრეო, გაიცინა... თან, აქედან რომ წავიდა, ტიპური ქართველი ქალი იყო, შვილებზე გადამკვდარი, ახლა კი კეკლუცობა დაუწყია, მაკიაჟსაც ხმარობს. თითქოს წლები კი არ აკლდება, ახალგაზრდავდება. ცხადია, ეს მომწონს, მაგრამ მინდა, ჩემ გვერდით იყოს საყვარელი ქალი და ამის გამო იმედია, არავინ გამკიცხავს.
- საინტერესოა, მასთან ჩასვლა არც ერთხელ არ შემოუთავაზებია ან თავად არ გამოგითქვამთ ამის სურვილი?
- როგორ არა, რამდენჯერმე ვუთხარი, თუ არ მოდიხარ, მეც მანდ ჩამოვალ, ბავშვები უკვე დიდები არიან და უჩემოდაც გაიტანენ თავს. მეც ვიმუშავებ და თან, ერთად ვიქნებით-მეთქი. შორს დაიჭირა, - აქ კაცების საქმე არ არის და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთი ვნახოთ, 3.000 დოლარის წყალში ჩაყრა ნამდვილად მენანება. ამდენი თანხა რომ ვიშოვო, სამი თვე ვირულად უნდა ვიშრომო. სადაც აქამდე გავძელით უერთმანეთოდ, კიდევ გავძლებთო... მაგრამ როდემდე? ადამიანი იმისთვის ოჯახდება, რომ მეორე ნახევრის ჭირი და ლხინი გაიზაროს, ერთი ალთას თუ იქნება და მეორე ბალთას, ამით რა გამოვა?
- თქვენი შვილები არ სთხოვენ დედას, რომ დაბრუნდეს?
- არა, ამათ ოღონდ ფული მიეცი და დედა ან მამა რად უნდათ? როგორც კი დაბრუნებაზე დავიწყებ ლაპარაკს, უფროსები მაშინვე მსაყვედურობენ, ასე რატომ იქცევი? რა გაკლიაო?.. რა მაკლია და, მეუღლის გვერდით ყოფნა მაკლია, ამაზე დიდი სიამოვნება კი რა უნდა იყოს? ხმელ მჭადს შევჭამ, ოღონდ კი იზო აქ იყოს - ბავშვებს ეს არ ესმით. ამას წინათ, ჩემი უფროსი შვილი ჩავიდა დედამისთან. მითხრა, რომ კარგად არის. ახლა თვითონაც გერმანიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, რადგან იზო დაჰპირდა, ოღონდ კი გზა გაიკვალე და გარჩენო. ჩემს შვილს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. იმის ნაცვლად, რომ დედასთან ყოფნა ყველაფერს ერჩივნოს, მხოლოდ ფულის ხსენებაზე უნათდება თვალები და ახლა თქვენ გეკითხებით, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება, კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს? ჩემი აზრით, დედა დათვურ სამსახურს უწევს შვილს და მის ცნობიერებას რყვნის ასეთი საქციელით. თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ფულის გარეშეც შეძლებს მიზნის მიღწევას, აი, როგორც ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც დედას, ჩემი არ იყოს, სულ იმას უჩიჩინებს, დრო გადის, დედის სითბო მაკლია. ჩამოდი, არ მინდა შენი არაფერიო... 30 წლის კაცი კი, კიდევ სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობს, იმის ნაცვლად, რომ იმუშაოს. ეზარება ხელის განძრევა, რადგან ფული ისედაც მოსდის...
- უკვე შვილიშვილიც უნდა გყავდეთ, წესით...
- კი, შუათანა გოგონა გათხოვილია. ბრწყინვალე ოჯახში მოხვდა. დედამისი მის ქორწილსაც არ დასწრებია და ეს არის საქმე? ეს არის ცხოვრება? საჩუქრებით კი აავსო ორივე და საგზურიც "ჩაახუტა" თაფლობის თვის გასატარებლად, მაგრამ დედის გვერდით ყოფნა, მისი რჩევები ხომ დააკლდა? ახლა თავადაც ორი შვილის დედაა და ხშირად ამბობს, - ნეტა იცოდეთ, როგორ მაკლია იზოო. თუმცა, აქამდე მასაც არაფრად მიაჩნდა დედის საზღვარგარეთ ყოფნა, პირიქით, ამით ამაყობდა კიდეც... მხოლოდ ნაბოლარას ესმის ჩემი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე