"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?

"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?

"აფხაზეთს ამ სეზონზე ძალიან არ გაუმართლა..." - ასე ეხმაურებიან აფხაზები რეგიონში განვითარებულ პროცესებს... გახშირებული კრიმინალის კიდევ ერთ შემთხვევაზე "აფსნი ლაიფი" წერს, რომლის თანახმადაც, გუდაუთაში, კემპინგის რაიონში სათევზაოდ წასული რუსი ტურისტები დააყაჩაღეს. ერთ-ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს უთხრა, რომ ფულის მოსატანად წავიდოდა, რა დროსაც მილიციაში დარეკა... მეორე მათგანი კი, წინააღმდეგობის გაწევისას, დანით გულმკერდის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის გუდაუთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა...

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზურ პროკურატურაში, მომხდარზ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელზე 1 მილიონი რუბლია დაწესებული... მოსახლეობის თქმით, ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ადგილობრივებმა ტურისტების შესანარჩუნებლად გამოსავალი იპოვეს, - მათივე უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტეს, ქუჩაში გასული დამსვენებლები გააცილონ. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთი ტურისტებისგან დაცარიელდება, რადგან ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ძალიან ბევრი დამსვენებელი რუსეთში დაბრუნდა...

არიან ისეთები, ვინც აფხაზეთში წამოსასვლელად ემზადებოდა, თუმცა, მსგავსი ფაქტების შემდეგ გადაიფიქრა... რუსები ინტერნეტსივრცეში ერთმანეთს აფრთხილებდნენ, "არ გაეკარონ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ და მზად არიან, ფულის გამო უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად გაუსწორდნენ..." იყო ასეთი, უფრო მწვავე და ირონიული კომენტარებიც, - "რამე ისე არ არის?!. ხომ მოიწყვეთ "რუსული სამოთხე?.." ჰოდა, დაისვენეთ..."

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემენ გრიგორევის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ის აფხაზეთის "ხელმძვანელობას" ესაუბრა და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მნიშვნელობასა და მათი უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე გააკეთა აქცენტი. "დიპლომატის" თქმით, რუსეთის ე.წ "კონსული" გუდაუთაში დაზარალებულებთან შესახვედრად გაემგზავრა.

"აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობამ თავის ინტერნეტგვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც ის თავის მოქალაქეებს, სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს... სულ ეს არის, რის გაკეთებაც ამ ეტაპზე შემიძლია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე, თუ ეს სახიფათო ტენდენცია გაგრძელდება, რუსეთის მზად არის ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს" - აცხადებს სემენ გრიგორევი, თუმცა, "დიპლომატს" არ დაუკონკრეტებია, ამ არადიპლომატიური განცხადების მიღმა ვის ჩანაფიქრს ახმოვანებდა.

ეს განცხადება აფხაზური საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, - რეგიონში ბოლო დროს განვითარებული პროცესები ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. ის, რომ რეგიონში კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის, ადგილობრივებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

აფხაზები მუდმივად წერენ, რომ კორუფციაში ჩაფლულ რეგიონს შველა სჭირდება, - თუმცა არა ისე, როგორც ამას "სტრატეგიული პარტნიორი" აპირებს. ბოლო დღეებში, როდესაც გუდაუთაში მომხდარი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, პირველად გავრცელდა მოთხოვნა - შემოიყვანოს რუსეთის ხელმძღვანელობამ ფედერაციაში სისასტიკით ცნობილი "ომონი" და დაალაგოს სიტუაცია, თუ უნდა, რომ მისი მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ. მხოლოდ ტურისტები კი არა, ისინიც ვისაც აფხაზურთან ერთად, რუსული პასპორტებიც აქვს და რუსეთის პენსიას იღებს.

რუსული "ომონის" ხსენებას აფხაზურ წრეებში პროტესტი მოჰყვა, - ერთი ნაწილის თქმით, საზოგადოებამ "ხელისუფლებას" უნდა მოსთხოვოს საკუთარი ძალებით, დაქირავებული ძალოვნების გარეშე გაუმკლავდეს პრობლემებს.

"ახლა ხომ გასაგებია, რას და ვის ემსახურება ჩვენი ე.წ. დამოუკიდებელი გამოცემების მიერ ატეხილი ხმაური, რომ აქ ყოველდღე ხდება მკვლელობები და ყაჩაღობები, თითქოს ეს სხვაგან არ ხდება... რისი მიღწევა გვინდა ამ იდეოლოგიითა და იმის წარმოჩენით, რომ ეს საშიში ქვეყანაა, - თავად ვერ ვუვლით ქვეყანას და რუსული "ომონის" შიშით კანონმორჩილები გავხდებით?!. "აფსნი ლაიფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს და იმედია, უახლოეს დღეებში მეტი დეტალი დაიდება...

რანაირად მოხდა, რომ ჯერ ერთი ბავშვის მძევლად აყვანაზე წერდნენ, შემდეგ, ორი - დედა-შვილის?.. ამავდროულად, ეს ინფორმაცია 2016 წლის ნოემბერშიც ჰქონდათ დადებული, პერსონების გვარსახელის მითითების გარეშე და შემდეგ თარიღი შეუცვალეს.. ამის გარკვევა "გუგლითაც" ადვილად შეიძლება..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ტურისტის მიმართ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნებიან, რადგან ეს საკურორტო სეზონი "ქვეყნის" არსებობისთვის მთავარი წყაროა.

"რა უნდა ჩვენს ხელმძღვანელობას, პრობლემებს დამოუკიდებლებად ვერ ვაგვარებთ, მით უფრო, ხელფასებსა და პენსიებსაც რუსეთი გვიხდის და სამოქმედო არეალი გავუფართოვოთ?.. რის ფასად?.." - კითხულობენ აფხაზები...

ფაქტია, რომ ისევ აქტუალურია წლების განმავლობაში "ამოუწურავი" საკვანძო საკითხი, - უძრავი ქონების ჩაკეტილი ბაზრის გახსნა, მიწებისა და შენობების დაკანონება, რასთან დაკავშირებითაც რუსეთმა აფხაზებთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ჩამოსვლისა და ხაჯიმბასთან შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუ არ ჩავთვლით, მის ოფიციალურ განცხადებას, რომ აფხაზეთში ამ რეალობით ტურიზმი ვერ განვითარდება, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა სურკოვმა. აფხაზურმა საზოგადოებამ იცის, რომ ტურიზმის განვითარებას თანხა სჭირდება, თუმცა ისიც იცის, რომ უძრავი ქონების გაყიდვისთანავე, ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებიან... რუსეთი დაფიქრებისთვის დროს აძლევს, თუმცა, ისე, რომ "დამოუკიდებლად" რამის მიღწევის შანსს თითქმის არ უტოვებს.

ამის ნათელი მაგალითია, ყოველდღიურად გაზრდილი კრიმინალი, კორუფცია, ნარკომანია და სომხების გააქტიურება, რასაც აფხაზები "სპეციალურად შემოგდებულ თემას" უწოდებენ, თუმცა, მათი ქმედებების უკან მაინც საფრთხეს ხედავენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?