ყვითელი "მარშრუტკის" მძღოლმა და მგზავრმა ერთმანეთს სცემეს - ინციდენტს თბილისის მერი ეხმაურება

 ყვითელი "მარშრუტკის" მძღოლმა და მგზავრმა ერთმანეთს სცემეს - ინციდენტს თბილისის მერი ეხმაურება

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია მგზავრსა და ყვითელი "მარშრუტკის" მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ვიდეოს ავტორი ასეთ ტექსტს ურთავს ვიდეოს:

"დღეს, სამსახურში მიმავალს ეს ამბავი გადამხდა თავს. ფეხზე მდგომმა მგზავრმა მძღოლს შეწუხებული ხმით კონდიციონერის ჩართვა სთხოვა, მძღოლმაც მცირე ჩაბურტყუნებული წუწუნის შემდეგ ჩართო და ყველას ფანჯრების დახურვა სთხოვა.

"ადამიანურად რო აზროვნებდეთ და კარტოფილივით არ გვექცეოდეთ აქამდე უნდა ჩაგერთოთ გაგრილება" წამოიყვირა ერთ-ერთმა მგზავრმა. მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა გზა. გრძელთმიანი ბიჭი აგრძელებდა ლანძღვას

- კაი გაჩე ეხა, გეყოფა გავიგეთ - მშვიდად უთხრა მძღოლმა. ამ რეპლიკაზე ეს კაცი უკვე გაცოფდა და უმისამართო გინებაზე გადავიდა. მძღოლმა ისევ მშვიდად სთხოვა რომ დამშვიდებულიყო და ჩასულიყო ტრანსპორტიდან. ეს კაცი კვლავ აგრძელებდა გინებას, უკვე პირადად მძღოლის მიმართ. უკვე ყველა შევწუხდით, ერთხმად ვთხოვეთ ამ კაცს ჩასვლა. ამის შემდეგ კვლავ გინებით კართან მივიდა და რკინის ხურდები მძღოლს პირდაპირ სახეში შეაყარა. მანქანიდან რომ ჩავიდა მძღოლმაც თავი ვერ შეიკავა და წინ მიმავალ მგზავრს ძარი მიარტყა", - წერს ვიდეოს ავტორი.

მიკროავტობუსის მძღოლისა და მგზავრის ფიზიკურ დაპირისპირებას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიამ მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ქმედებას.

"სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეულ ნაწილში კონდიციონერები არ არის გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, ის არ მუშაობს. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს და ბოლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედამდეა ჩართული. ჩვენ ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს, მაგრამ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან რათა მან უზრუნველყოს წესრიგი", - განაცხადა ნარმანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი