კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ

კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ

გასტროტურიზმი, რომელიც ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, საქართველოშიც იწყებს განვითარებას. ამაში კი განსაკუთრებულ როლს ტურისტული კომპანია "კულინარიული ექსპედიცია" თამაშობს. კომპანია ორი მიმართულებით საქმიანობს. ერთის მხრივ, ტურისტებს გასტროტურებს სთავაზობენ. მეორე მხრივ კი, კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ კულინარიული წიგნის შექმნაზე, რომელიც მივიწყებულ ქართულ რეცეპტებს გააერთიანებს. კომპანიის საქმიანობაზე, მის გეგმებსა და მიღწევებზე დამფუძნებელს ქეთი კვიჭიძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და იდეის ავტორი მე გახლავართ. წლებია, სარესტორნე ბიზნესში ვსაქმიანობ. ქართულ კულინარიას უდიდესი პოტენციალი აქვს მსოფლიო მასშტაბით. ამას მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში სხვადასხვა გამოკითხვებიც ადასტურებს. მე ვიკვლევ ძველ ქართულ რეცეპტებს, სხვადასხვა რეგიონებში მათ ისტორიას და მომზადების წესებს. იდეა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა და ამ მიმართულებით უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბესო ჩიხრაძე დაგვეხმარა. მას წლებია, ქართული ღვინის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ბესო ჩიხრაძის დაფუძნებულია კომპანია wine discovery selection, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანააში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. კულინარიულ წიგნს სულს ჩაბერავს მწერალი გურამ მეგრელიშვილი. სწორედ ის აღწერს ჩვენს მოგზაურობას. ჩვენი ფოტოგრაფი სალომე გრიგოლაშვილი კი მოგზაურობას აღბეჭდავს.

- თქვენ ორი მიმართულებით მუშაობთ: გასტროტურიზმი და კულინარიული წიგნი. როგორ მოხდა ორი მიმართულების სინთეზი?

- ჩვენი მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო ტურიზმის განვითარებაა. ქართული სამზარეულოს ისტორია კი თავად ქართველებმაც არ ვიცით კარგად. უცხო ენაზე გამოცემული ქართული კულინარიის წიგნიც ვერ მოვიპოვეთ. აქედან გაჩდა იდეა, პირველ რიგში, გამოგვეკვლია თავად ქართული სამზარეულო და მერე დაგვეწყო მისი პოპულარიზაცია. დავიწყეთ საქართველოს კუთხეებში სიარული და რეცეპტების ჩაწერა. კულინარია ხომ მარტო რეცეპტი არ არის. თითოეულ რეგიონს თავისი დამახასიათებელი ინგრედიენტები და მომზადების წესი აქვს.

მოგზაურობას ექსპედიციის სახე უფრო ჰქონდა, ამიტომ კომპანიას "კულინარიული ექსპედიცია" დავარქვით. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა ჩვენი მოგზაურობა. შედეგად კი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ჩვენთან ერთად მოგზაურობის სურვილი და კულინარიული ტურების მოწყობა დავიწყეთ. ექსპედიციის მონაწილეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობენ დ აგემოვნებენ ძველ და მივიწყებულ რეცეპტებს.

- კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ ტურისტებს?

- საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ ოჯახები, სადაც ტურისტები მიგვყავს და ვთავაზობთ რეგიონისთვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. მათ ნაწილს აღარც კი აკეთებდნენ. ჩვენ კი რეცეპტები ძველ წიგნებსა და კვლევებში ამოვიკითხეთ და გავაცოცხლეთ. ტურისტებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას, რეგიონის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, კვებას, კულინარიულ მასტერკლასებს, თონეში ჩაკვრას, ხინკლის მოხვევას, ყველის ამოყვანას. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დამახასითებელ კერძებს ვთავაზობთ ღვინოსთან ან სხვა ადგილობრივ სასმელთან ერთად, მაგალითად, ფშავში ხინკლათან და ხაჭო-ერბოსთან ერთად - ჟიპიტაურს, გურიაში გურულ ღვეზელთან და შესუნელებულ ბეჭთან ერთად - ჩხვარეს, რაჭაში ლობიანთან და ლორთან ერთად - ხვანჭკარას და ა.შ. უცხოელებისთვის ხინკალი, ლობიო, ფხალეული და ხაჭაპური ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა.

- როდის იგეგმება წიგნის გამოცემა?

- წიგნის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. კიდევ 2 რეგიონი დაგვრჩა აღსაწერი. ეს იქნება 3 ენაზე თარგმნილი მაღალპოლიგრაფიული, მაღალი ხარისხის ფოტო მასალით გაფორმებული გამოცემა.

- თქვენი აზრით, როგორია ქართული კერძების პოტენციალი მსოფლიო ბაზარზე? როგორ უნდა მოხდეს მათი შეთავაზება, რომ დაინტერესება გაიზარდოს?

- ქართულ სამზარეულოს უდიდესი პოტენციალი აქვს. რამდენიმე სახეობის ყვავილი გვაქვს, რომლისგანაც მხალს ამზადებდნენ. აღარაფერს ვამბობ ფხალეულის უამრავ სახეობაზე, რაც საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. შინდი, ბროწეული, ისრიმი, ტყემალი, ღოღნოშო, ჭანჭური - მათგან გასაოცარი გემოების საწებელი და სოუსები მზადდება. ნიგოზი, რომელიც ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი და ძირითადი ინგრედიენტია. მწვანილს, რომელიც აუცილებელად უნდა ყოფილიყო ქართულ სუფრაზე და კერძებში, ასევე, მთავარი ადგილი უჭირავს შეთავაზებებში ნიორთან და ხახვთან ერთად. ხაჭაპურისა და ხინკლის ნაირსახეობები - ამ ყველაფერს დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიო ბაზარზე. კერძების უმრავლესობა არის ძალიან ჯანსაღი და ნატურალური. მათ მიწოდება უნდა მოხდეს თანამედროვედ და ისე შეიფუთოს, რომ არ დაკარგოს ორიგინალურობა.

- რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

- სირთულეები მრავლად გვხვდება. მარტივი არაა იმ ოჯახებთან ურთიერთობა, რომლებმაც ჩვენ შესახებ არაფერი იციან და პირველად უწევთ ამ საქმიანობაში ჩართვა. ასევე, რთულია, ცნობადობის ამაღლება ბაზარზე. საზღვრებს გარეთ ნელ-ნელა მივიწევთ. ქვეყანაში მომსახურების დონის გაზრდა და ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში ძალიან დაგვეხმარება.

- "კულინარიული ექსპედიცია" 2017 წლის ბიზნესდაჯილდოებაში "წლის ტურისტული ბიზნესის" ნომინაციაზეა წარდგენილი. როგორ მოხდა თქვენი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა? რას შეცვლის კომპანიისთვის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- ბიზნესდაჯილდოებას შარშანაც ვადევნებდი თვალს და წელს მეგობრის რჩევით გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩვენთვის უკვე დიდი გამარჯვებაა. ეს ხელს უწყობს კომპანიების თვითშეფასების ამაღლებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და ინფორმაციის გავრცელებას. დაჯილდოებაში მონაწილეობა ბევრი ადამიანის და ბიზნესმენის გაცნობის კარგ შანსს იძლევა. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- გვინდა, რომ გავძლიერდეთ, მეტი ინტერესი გავაჩინოთ და მეტად პოპულარული გავხადოთ ქართული სამზარეულო. ვგეგმავთ, რომ გავხნასთ საკუთარი პატარა რესტორანი, სადაც მოსულ სტუმრებს ჩვენ მიერ მოპოვებული რეცეპტებით მომზადებულ კერძებს შევთავაზებთ. ასევე, გეგმაში გვაქვს, კულინარიული ექსპედიცია საზღვარგარეთაც ჩავატაროთ.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი