თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე

თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის განცხადებით, დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება "პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა". ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს დემირელის სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თამარ სანიკიძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მშობლებისთვის აეხსნა, თუ რატომ მოხდა ავტორიზაციის შეჩერება. მისივე განცხადებით, ექსპერტების მიერ სკოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნაში სერიოზულ გადაცდომებზეა საუბარი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტორიზაციის საბჭომ როდესაც იქ არსებულ დარღვევებზე სკოლის დირექციას შეკითხვით მიმართა, იზიარებდა თუ არა პასუხისმგებლობას გადაცდომებზე, სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რაც ემსახურებოდა ძალიან ბევრი მოსწავლისათვის განათლების აღიარებას. კონვეიერული წესით ხდებოდა ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის განათლების აღიარება. წარმოიდგინეთ, მე-12 კლასელი, რომელსაც შეუდგენენ სასწავლო გეგმას და ამ გეგმის შედგენა და მასალის დაძლევა, ერთ დღეს რომ ხდება. ეს არის კატასტროფა. ამასთან, სასწავლო გეგმაში შედის ისეთი სასწავლო პროგრამების დაძლევა, რომელიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ჩაბარებას გულისხმობს თურქულენოვანი მოსწავლის მიერ. ასეთი შერჩევის პრინციპით 87 მოსწავლის საქმე გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ საქმეების სათითაოდ შესწავლის საფუძველზე ეს რიცხვი ბევრად მეტი იქნება. ანუ ამას ჰქონდა ძალიან მასშტაბური ხასიათი", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, დემირელის სკოლაში ასევე გამოვლენილია საგანმანათლებლო სტანდარტების დარღვევები, პრობლემები ჰქონდათ ინფრასტრუქტურის კუთხით, კერძოდ, სკოლის ქონებას ყადაღა აქვს დადებული და სასწავლო პროცესი შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს შეჩერებულიყო, ასევე დემირელის სკოლაში ქართველი მასწავლებლების ნაცვლად ძალიან ბევრი თურქი მასწავლებელი იყო გაფორმებული.

სანიკიძის თქმით, დემირელის სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა მათი ცენტრის ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება.

თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლამ ლიცენზია 5 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ სხვადასხვა კუთხით შემოწმდა, თუმცა ერთი წლის წინ დემირელის სკოლაში მონიტორინგის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი.

"სკოლამ საჭირო დოკუმენტაცია ვერ გადმოგვცა იმ მოტივით, რომ ამ დოკუმენტაციას ფინანსური პოლიცია სწავლობდა. ამიტომ ჩვენ ფიზიკურად მონიტორინგი უფრო ადრე ვერ განვახორციელეთ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დემირელის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან. სკოლას ავტორიზაციის გავლა კი ერთი წლის შემდეგ შეეძლება.

ცნობილია, რომ დემირელის სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად ავტორიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან გააპროტესტებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი