ავტორი:

ბრიტანელი სამხედრო ვეტერანის საოცარი ისტორიები: "საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა"

ბრიტანელი სამხედრო ვეტერანის საოცარი ისტორიები: "საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა"

როდესაც ქართველი ომის ვეტერანები თავიანთ პრობლემებზე, დაუსრულებელი მკურნალობასა და სხვა, მათთვის მტკივნეულ საკითხებზე მიყვებიან, აუცილებლად აღნიშნავენ, რომ მათი კიდევ ერთი, ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა - საზოგადოებასთან ინტეგრაციაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მუდმივი პრობლემების გამო, ზოგი მათთან ურთიერთობას თავს არიდებს...

განვითარებულ ქვეყნებში, ეს პრობლემა წლებია აღარ არსებობს, - იქ ომის ვეტერანთა ჯანმრთელობაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ყოველთვიურ, სტაბილურ შემოსავალზე სახელმწიფო ზრუნავს. ბრიტანეთის ომის ვეტერანი ალან რუთერი ლონდონის სამხედრო ჰოსპიტალში (Royal Hospital Chelsea) ცხოვრობს, თუმცა, შეიძლება ეს სიტყვა პირობითი იყოს, რადგან ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ომის ვეტერანებსა და სხვადასხვა ქვეყნებში საომარ მოქმედებების შედეგად უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარება. ბოლო დროს ის სირიელ ბავშვებზეა გადართული...

მაინც როგორ ცხოვრობს ვეტერანი სამხედრო და რამდენად განსხვავებულია მისი ცხოვრების წესი ქართველებისგან? ჩვენი რესპოდენტის თქმით, ერთ თვეზე მეტი ხანი დაჰყო საქართველოში, მანამდე კი, ლონდონელი ქართველებისგან იცოდა ამ ქვეყნის, მისი წარსული და ახლანდელი პრობლემების შესახებ. ბრიტანელი სამხედრო წარსულსა და აწმყოზე გვიამბობს:

ჩელსის სამხედრო ჰოსპიტალი - ჩემი საცხოვრებელი

სამეფო ჰოსპიტალი, სადაც ბრიტანეთის არმიის ვეტერანები ვცხოვრობთ, მე-17 საუკუნის ბოლოს, კარლ II-ის ბრძანებით ააგეს... ის ჩელსის რაიონში მდებარეობს და როგორც საავადმყოფო, თითქმის საუკუნეა არ ფუნქციონირებს, - ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დროს გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტლად... ახლა იქ ვეტერანები და შშმ სამხედრო პირები ვცხოვრობთ, ისინი, ვისაც ურჩევნია დარჩენილი ცხოვრება კოლეგებთან გაატაროს. ზოგი მუდმივად იქ არის, ზოგიც იშვიათად მიდის, თუმცა, მაინც მისი სახლია...

კვირაში ერთხელ ან ორჯერაც, ჩვენთან სტუმრად ოჯახის წევრები მოდიან... აქ ყველა წოდების სამხედროს შეხვდებით, რიგითიდან - ფელდმარშლამდე. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ სამხედრო მოსამსახურედ ითვლება და სახელმწიფო პენსიას უხდის, - 800 ევროს ოდენობით (წოდებას გააჩნია). ხშირად "ჩელსის პენსიონერებსაც" უწოდებენ. მათ შორის ძალიან ბევრი ასაკოვანია, ასეთებს ერთი კარგი თვისება გვაქვს - რაც უფრო მხცოვანია სამხედრო, მით საინტერესო მოსაუბრეა, რადგან ბევრი რამ აქვს მოსაყოლი... ეს ნახევრად ხუმრობით... ეს კატეგორია ძალიან ბევრი უპირატესობით სარგებლობს, მათ შორის კი, წითელი კამუფლაჟის ტარებაა. ესეც ნახევრად ხუმრობით...

ჰოსპიტალში მუდმივი მცხოვრებლების რაოდენობა 300-მდეა. მათ შორის, ქალებიც არიან, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ და ცოტა ინტრიგასაც მატებენ. ქალი ჰოსპიტალშიც ქალია და ქუჩაშიც. მე ვიტყოდი, - ომშიც კი... ჩვენს ჰოსპიტალს ძალიან ლამაზი ეზო აქვს, "ყვავილების შოუთი", რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გააშენეს. ასევე, ძალიან ლამაზი და ორიგინალური ინტერიერი გვაქვს, რაც ძალიან ხშირად ხდება ტურისტების ინტერესის ობიექტი. აქ ხშირად ტარდება ექსკურსიები და დამთვალიერებლები ჯერ კედლებს ამჩნევენ, - მერე ჩვენ... ვხუმრობ, რასაკვირველია, მაგრამ ასეა...

ჰოსპიტალში ფუნქციონერებს სამხედრო ეროვნული მუზეუმი, რომელიც მთიან კომპლექსს 1960 წლიდან შემოურთეს და ის ძალიან ჰგავს საფრანგეთის არმიის მუზეუმს.

როგორ ვცხოვრობ?..

ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. მიყვარს დაუგეგმავი ღონისძიებები და ვცდილობ, დრო ნაყოფიერად გავატარო... მანამდე სხვა ორგანიზაციებსაც ვეხმარებოდი, ახლა კი, მხოლოდ "ომის შვილებს" ვეხმარები და ამას სხვადასხვა ფორმით ვაკეთებ, - ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა შოუებში, რომელშიც ხან თავად მიწვევენ და ხანაც ჩემი ინიციატივით ვერთვები. გაკრვეულ თანხას ვიღებ, - ხან პარაშუტით ვხტები, ხანაც სხვა ტიპის აქტივობას მივმართავ და მთლიანობაში, შემოსულ თანხას ამ ორგანიზაციას ვურიცხავ. ამასთან, მე და ჩემი მეგობრები, ხანაც მარტო, შაბათ-კვირას, შშმ პირებს ფიზიკურად ვეხმარებით სხვადასხვა საქმეებში, ეს ჩემთვისაც სასარგებლოა და მათთვისაც... ვცდილობ, ომზე ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს, რადგან ომი ყველა ქვეყანაში ერთნაირად საშინელია, დამანგრეველი და საშინელი...

ერთ ამბავს მოგიყვებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი მრავალწლიანი ომის მიუხედავად, იყო ადგილი, სადაც კათოლიკეებისა და პროტესტანტების ბავშვები ერთად თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები ერთმანეთს დაუნდობლად უსწორდებოდნენ... ჩვენ ერთად ვხატავდით, ვძერწავდით, ზოგადად, ხელოვნება ძალიან მიყვარს და მათაც ვასწავლიდი... ხელოვნებას ენა არ სჭირდება, ის ყველას ერთნაირად ესაუბრება...

ერთხელაც, ვიღაცამ, როგორღაც გაიგო, რომ მე სამხედრო ვიყავი და ეს ინფორმაცია იქ გაავრცელა. კაცმა არ იცის რა იფიქრეს, ან რა დამაბრალეს, შესაძლებელია აგენტობაც კი... შედეგად, კათოლიკეებმა ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს... ერთხელ, გამთენიას, როდესაც მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გასასვლელად ვემზადებოდით, სპეცსამსახურები მოვიდნენ და გამაფრთხილეს, იქაურობა სასწრაფოდ დამეტოვებინა და უკან არასდროს დავბრუნებულიყავი... მათთვის ჩემი წარსული ნაცნობი იყო და ჩემი მუშაობის სპეციფიკასაც იცნობდნენ.

უფრო ადრე, 1970-იან წლებში, გერმანიაში ვიყავი. მაშინ დასავლეთ ევროპაში ფიქრობდნენ, რომ რუსეთი გერმანიას და დასავლეთ ევროპის ნაწილს აიღებდა. მაშინ ინგლისური არმია 4 წელი გერმანიაში იდგა... ეს ძალიან საინტერესო წლები იყო, "ცივი ომის" პერიოდი. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომ ისტორიას გამეორება ძალიან მოკლე ინტერვალებით ჩვევია...

გატაცებები, ჰობი, ქველმოქმედება

თავისუფალ დროს თიხაზე ვმუშაობ. თუმცა, არც ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დრო, რადგან სულ დავდივარ და მაინც ვახერხებ... გადავწყვიტე ჩემი ქართველი მეგობრებისთვის ჩემი შემოქმედება გამეზიარებინა და ერთ-ერთს ჩემი ნამუშევარი ვაჩუქე... ეს ჩემი მცირედი, სამახსოვრო საჩუქარი იყო, რომელმაც ძალიან გაახარა. ასეთი რამეები ცხოვრებას აზრს სძენს და აფერადებს, სხვანაირად სამყარო ძალიან უინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა... ჰოსპიტალში, რომელიც უფრო სახლია ჩვენთვის, თვითგამოხატვის საშუალება ნამდვილად გვაქვს და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.

იქ, არიან ისეთებიც, ვისაც ომმა ფსიქოლოგიური პრობლემები დაუტოვა, ომის სინდრომი ძალიან ძლიერად აქვს გამჯდარი, მაგრამ იქ ცდილობენ დაეხმარონ, ფსიქოლოგები, მეგობრები, გარემო... იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და ეს ძალიან გვეხმარება, სტიმულს გვაძლევს სიკეთე ვაკეთოთ, წინ ვიაროთ.

ცხოვრება მხოლოდ ომის არ არის. თავიდან, როდესაც 18 წლის ჭაბუკი ვიყავი, მეც მეგონა, რომ ომი რაღაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მომცემდა, გამაძლიერებდა, დამაბრძენებდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება, - როდესაც შენს უახლოეს მეგობარს, რომელსაც რამდენიმე წამის ან წუთის წინ ელაზღანდარებოდი, გვერდით მოგიკლავენ, მერე ყველაფერი იცვლება და ხვდები, რომ სხვა რეალობაში მოვხვდი... ომს არასდროს მოაქვს სიკეთე. მე 20 წელი ვუყურებდი იმ საშინელებას და ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც ყველაზე კარგად იცნობს მას...

ახლა რეალურ ომში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ომისგან შორს მაინც ვერ წავედი, სწორედ ამიტომ ვარ, "ომის შვილებში" და ვცდილობ, მათ, იმ უდედ-მამოდ და ოჯახური მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს დავანახო, რომ ომის მიღმა არის ნათელი სამყაროც და არიან ისეთი ადამიანები, ვინც მათზე იზრუნებს.

ერთ დროს პროფესიონალი სამხედრო ვიყავი, ლეიტენანტი, მანქანა მემსახურებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დაცვის მიუხედავად შეიძლებოდა ჩრდილოეთ ირლანდიის გაქანებულ ომში, ერთ დღესაც მოვეკალით... თუმცა, ეს ჩემი არჩევანი იყო და 20 წელი ვიმსახურე ბრიტანულ არმიაში, ბავშვებს კი არჩევანი არ აქვთ, ისინი სხვების სასტიკი გადაწყვეტილებების მსხვერპლი ხდებიან და შემდეგ, ფსიქიკაშერყეულები აგრძელებენ ცხოვრებას. ამის მაგალითია სირიიდან გამოყვანილი ბავშვები, რომლებიც ყველაზე საშიში ზონებიდან გამოვიყვანეთ. მათი თვალებში ჩაბუდებული შიში და უნდობლობა არასდროს დამავიწყდება... ბავშვს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ომის ყველა სისასტიკე, თვალწინ დაუხოცეს მშობლები და და-ძმა, ძნელია, სამყაროს კეთილშობილებაზე ესაუბრო. მას ამის გაგება გაუჭირდება... თუმცა, მაინც ვცდილობთ, ისინი ომის სინდრომს გამოვტაცოთ და ნორმალური მომავალი შევუქმნათ... გამოგვივა თუ არა, ჯერ არ ვიცით.

როგორ გავიგე საქართველოს შესახებ...

როიალ ჩელსი ჰოსპიტალში, ლონდონში ტურისტული ვიზით იყვნენ ჩამოსული დედა ანასტასია და ლელიკო ჯიჯიაშვილი, მარგარეტ ტეტჩერის საფლავის ნახვა უნდოდათ... როგორც გავიგე, დედა ანასტასიას ფავორიტი იყო მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ინგლისი მან ააშენა. მაშინ სრულიად შემთხვევით შევხვდი მათ და საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზეს. თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდნენ, რადგან ძალიან უცნაური შემოთავაზება იყო... დავეთანხმე. თუ შევძელი, - ჩამოვალ-მეთქი. ისინი ჩემთან სადილზე დავპატიჟე და ასე დაიწყო ჩემი მეგობრობა საქართველოსთან, რადგან მათ გამიხსნეს ამ ქვეყნის კარები, რომელიც მიმაჩნია, რომ ჩემი მეორე სამშობლოა. თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, თუ ამ ქვეყანასთან ამდენ საერთოდ ვიპოვიდი... მანამდე ამ ქვეყანაზე ძალიან მცირე მქონდა გაგებული, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად დააღწია თავი რუსეთს. თუმცა, კონკრეტულად, სად მდებარეობდა, ნამდვილად არ ვიცოდი....

ერთი მეგობარი მყავს, 92 წლის არის, ასევე ვეტერანია და იმასაც გავაცანი ჩემი ახალი ქართველი მეგობრები და ახალი სამეგობრო წრეც გაჩნდა, რაც მიმაჩნია, რომ დედამიწაზე ყველაზე ფასეული რამ არის, თუნდაც იმიტომ, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს...

რას ვფიქრობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე

ეს ქვეყანა თითქმის მოვლილი მაქვს, მაგრამ შეიარაღებულ ძალებზე ცოტა რამ ვიცი, - ვიცი, რომ ის ნატოს სტანდარტებით ვითარდება, რაც ძალიან კარგია... ერთი რამ მინდა ვთქვა, ვიცი საქართველოში კამათი გამოიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პრინციპმა, - ეს ერთ დროს ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალური თემა იყო, 1950 წლამდე სავალდებულო იყო. ახლა კი, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საკონტრაქტო სამსახურმა გაამართლა. ახლა ჩვენი ჯარისკაცები 6-წლიან კონტრაქტს აწერენ ხელს და პროფესიონალ სამხედროებად ყალიბდებიან. თუმცა, მე საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევი და არც რჩევების უფლებას მივცემ თავს, უბრალოდ, ჩემი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანე.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?