სომხეთი ყარაბაღის 3 რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემას აპირებს? - რა გარიგებაზე საუბრობს სომხური მედია

სომხეთი ყარაბაღის 3 რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემას აპირებს? - რა გარიგებაზე საუბრობს სომხური მედია

ედვარდ ნალბანდიანი - "ეს სამი ტერიტორია ყარაბაღის უსაფრთხოებას არ დააზარალებს..." რამდენიმე დღის წინ, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნების საკითხზე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ განსახილველი თემა იყო, "სამი ტერიტორია, რომლებიც ყარაბაღის უსაფრთხოებას არ დააზარალებს..."

არადა, სომხური მედიის ცნობით, ედვარდ ნალბანდიანი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერევანს, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს და ბაქოსთან მოლაპარაკებებზე თანახმა იყო...

თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმავე შეხვედრაზე ნალბანდიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა, - მან ყარაბაღის სამი რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა არ გამორიცხა, რასაც სომხურ მედიაში "აფეთქება" მოჰყვა... მისმა განცხადებამ სომხეთის საზოგადოებაში მწვავე კამათი გამოწვია. მათი თქმით, 23 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ...

სომეხი პოლიტოლოგის, ლეონიდ ნარსესიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტი არ არის, რომ სახელმწიფო საკითხები გადაწყვიტოს, თუმცა, სწორედ ამიტომ არის მისი განცხადება გასაკვირი... "არადა, ბოლო პერიოდში, აპრილის შემდეგ, მუდმივად აცხადებდა, რომ ისინი საზღვარზე საერთაშორისო ძალების მონიტორინგის გარდა, აზერბაიჯანულ მხარესთან არცერთ თემაზე საუბარს არ დაუშვებდნენ... როგორც ჩანს, ნალბანდიანი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდა როდესაც, "რაღაცაში", ამ ტერიტორიების გაცვლას დასთანხმდა, რომელიც თურმე ყარაბაღის უსაფრთხოებას არ დააზარალებს, - საქმე ის არის, რომ ასეთი ტერიტორიები, ყარაბაღს არ აქვს" - ამბობს ნარსესიანი.

სომხურ მედიას მიაჩნია, რომ ამ განცხადების გაკეთებას, ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ "პოლიტიკურ თამაშს" რაღაც წინაპირობები და საფუძველი აუცილებლად ექნება, - თუმცა, ეტყობა, სომხეთის ხელისუფლებას ადგილობრივი საზოგადოების განწყობაზე არ უფიქრია, - იმ კონფლიქტს ასობით სომეხი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა...

ლეონიდ ნარსესიანის თქმით, აზერბაიჯანი ადრე ყარაბაღის გარშემო ყოველთვის ყველა თემაზე საუბარზე უარს აცხადებდა, გარდა ერთისა, - ყარაბაღი მის საზღვრებში დაბრუნებულიყო. გარკვეული დროის წინ, სამი კი არა, უფრო მეტი რაიონის დათმობის სანაცვლოდაც, ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის მინიჭებას არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებოდა... ასე რომ, შესაძლოა, მინსკის "სამეული" სინამდვილეში, სამი რაიონის გადაცემაზე მეტ საიდუმლოს ინახავს...

"ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის ნდობა მაინც შორს არის ლოგიკასთან, რადგან მან არაერთხელ დაარღვია შეთანხმება და ყარაბაღისთვის რაღაც შუალედური სტატუსის მისანიჭებლად, სამი რაიონის დათმობა უბრალოდ არასერიოზულია... თუნდაც იმიტომ, რომ თუნდაც შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, ომი კიდევ ერთხელ განახლდება. მაშინ, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი ბრძოლებს ერთმანეთისთვის სრულიად მიუღებელი პოზიციიდან დაიწყებენ, - შესაძლოა, ფრონტის ხაზი ორჯერ უფრო გაიზარდოს, საუბარია, სტეფანაკერტზე, რომელიც ახლანდელი ფრონტის ხაზიდან, 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და რომელიც შესაძლოა, არტილერიის სამიზნე გახდეს..." - ამბობს ნარსესიანი.

სომეხი ექსპერტის თქმით, ბოლო ხანს განახლებული ომის შემდეგ, ყოველი მიწის მეტრის მოსაპოვებლად, უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა... თავის მხრივ, აზერბაიჯანი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამ კონფლიქტში 300-400 ადამიანი დაკარგა, შესაბამისად, ის ასე ადვილად არ დათმობდა პოზიციებს და გარკვეულ შეთანხმებასაც ადვილად არ დათანხმდებოდა... საერთოდაც, სომხური მედიის ინფორმაციით, "მათი ჩაკეტილი საგარეო კავშირებისგან განსხვავებით", აზერბაიჯანი შორს წავიდა - კონკრეტულად, მან ჩეხეთისგან მოდერნიზებული ჰაუბიცები "დანა" მიიღო, თუმცა ჩეხეთი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს...

თავის მხრივ, იმის მიუხედავად, რომ სომხური მედია გამუდმებით ითხოვს განმარტებებს ხელისუფლებისგან, თუ რა გარიგება დადო აზერბაიჯანთან ამ დათმობის ფასად, ის მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება, თავად პრეზიდენტი კი დუმს... მათივე თქმით, ეს და ზოგადად, ნებისმიერი ტიპის გარიგება თუ შეთანხმება სომხეთში რუსეთის ჩარევის გარეშე არ დაიდება.

ცნობისთვის, 1991 წელს, ძირითადად, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა რეჟიმმა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ომის დროს 30 000-მდე ადამიანი დაიღუპა. 1992 წლის მარტიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფი მუშაობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაიჭრის შესახებ იტყობინება

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა სამხრეთ მეზობლების მისამართით