ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა

ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა

"არ გრცხვენია ხო?! გაყიდე ხო ქალაქი?!" - ამ სიტყვებით მიმართა "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს და მას შუა თითი აჩვენა.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ:

"ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო. სამართალდამცველები კანონის და რეგლამენტიდან გამომდინარე გამოვიძახეთ, ვინაიდან ისინი არ ემორჩიელებოდნენ და ხელს უშლიდნენ საკრებლოს სხდომის ჩტარებას. ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხება და რომელიც აუცილებელია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ყოველთვის მიღებული იქნება," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და რამდენიმე წუთში შეწყდა. საკრებულო განიხილავდა პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალური ცვლილების საკითხს.

თბილისის საკრებულოს ლოჟაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რა დროის განმავლობაშიც საკრებულოში სხდომის მიმდინარეობა შეჩერებული იყო. სხდომათა დარბაზი სამართალდამცველების დახმარებით დაატოვებინეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე "პარტიზანი მებაღეების" ლიდერსაც, რომლის განცხადებით, საკრებულოს სხდომა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

დაპირისპირების მიუხედავად საკითხი სხდომაზე 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო