მამუკა ონაშვილი 50 წლის ასაკში ცოლსა და შვილებზე ოცნებობს - "რამდენი წელი გამიფრინდა "მოდი, ხვალ"-ის ძახილში"

მამუკა ონაშვილი 50 წლის ასაკში ცოლსა და შვილებზე ოცნებობს - "რამდენი წელი გამიფრინდა "მოდი, ხვალ"-ის ძახილში"

მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსენებაზე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: "სად დაიკარგა მამუკა ონაშვილი?". ქართულ შოუბიზნესში, ეკრანზე, სცენაზე თითქმის აღარ ჩანს, მაგრამ თურმე არსადაც არ დაკარგულა. აქ არის და მასზე დიდი მოთხოვნაცაა. 2013 წელს წავიდა მოსკოვში. 4 წლის შემდეგ ნოსტალგიამ სამშობლოში ჩამოსვლა აიძულა. ახლა რეპერტუარს აახლებს, აპირებს, იმიჯი შეიცვალოს, ჯგუფთან ერთად იმუშაოს და მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით წარდგეს. მის ცხოვრებაში იყო სიყვარული, ქორწინება და გაყრა. მას შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია. ახლა, 50 წლის ასაკში კი ყველაფერს სხვაგვარად შეხედა. ამ ყველაფერზე მომღერალი გულახდილად "სარკეს" ესაუბრა:

- ბატონო მამუკა, წლების წინ ერთხელ უკვე იყავით მოსკოვში, მაგრამ დაბრუნდით. 4 წლის წინ კი ისევ წახვედით, რამ განაპირობა ეს ნაბიჯი?

- არ მინდოდა, მაგრამ ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, უარი ვეღარ ვთქვი. მოსკოვში გაიხსნა ახალი ქართულ რესტორანი, რომლის არტმენეჯერი უნდა ვყოფილიყავი, მერე ეს რესტორანი დაიხურა და სხვაგან მომიწია გადასვლა. ასე შევრჩი მოსკოვს.

- მონატრებამ დაგაბრუნათ სამშობლოში?

- დიახ, შენი სახლი, მეგობრები სულ სხვაა. გინდა თუ არ გინდა, სამშობლოდან შორს რომ ხარ, ნოსტალგია გემართება, ამიტომაც დავბრუნდი. შემოთავაზებები კვლავ არის, აქაურობას სულ ცოტა ხანი დავტოვებ და მალე ისევ დავბრუნდები.

- საკუთარ თავზე ზრუნვა, კოსტიუმების მოწესრიგება, სახლის საქმეები… - არ გიჭირდათ მარტო ცხოვრება?

- ვაიმე, რატომ ეხებით ახლა თქვენ იმ თემას, რაც ყველაზე რთული იყო?! რასაკვირველია, ყოველდღე ფორმაში უნდა ვიყო, გასუფთავებული, გაწკრიალებული. ამ ყველაფერზე დამხმარე ქალი ზრუნავდა. უთო არ მჭერია ხელში, ხან მეგობრები მეხმარებოდნენ, ხან - მეგობარი ქალბატონები, ასე რომ, უყურადღებოდ არ ვყოფილვარ.

- რას საქმიანობთ თბილისში?

- გამოვდივარ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე. მიმყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელში ვმუშაობ. თუმცა ეს ისეთი დატვირთვა არ არის, როგორიც ადრე მქონდა.

- არასდროს გიცდიათ ბიზნესის წამოწყება?

- სანამ სიმღერას დავიწყებდი, ბიზნესი მქონდა. მერე თავი დავანებე და წამოვედი ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შოუ დარჩა, ბიზნესი გაქრა. დღესდღეობით საკუთარი თავის პატრონი ისევ მე ვარ.

- რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში სასაცილო და თან სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნეთ. ცოლს ვეძებო. მერე კი კითხვებს აღარ უპასუხეთ. რას ნიშნავდა თქვენი ეს სიტყვები?

- ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ხუმრობა სიმთვრალეში. ამ სტატუსს ისეთი ამბები მოჰყვა, რომ შეიძლებოდა, რაღაცაც კი მომხდარიყო.

- ანუ ამ სტატუსს შეიძლება ქორწინება მოჰყოლოდა?

- შეიძლება… მართლა ვიხალისეთ, ვისხედით და ვიცინოდით.

- რეალურად არ აპირებთ დაქორწინებას?

- იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით. ისეთების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც გაცნობისთანავე იწყებენ ურთიერთობებს.

- როგორი ქალისკენ გაგიწევთ გული?

- დედა, დედა, როგორი შეკითხვა დამისვით?! არ გეტყვით.

- რატომ?

- იმიტომ! საინტერესო უნდა იყოს. 20 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, 30 წლის - სხვანაირად, 40 წლის - სულ სხვაგვარად. ახლა 50 წლის ვარ და ამ ასაკში უკვე ძალიან ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, იმაზეც კი, ახლა რა იქნება. ჩემს ცხოვრებაში მეორე ეტაპი იწყება.

- რაზე ოცნებობდით და რა ვერ აგისრულდათ?

- ჩემთვის ყველაზე მთავარი ისევ და ისევ ოჯახია. ამას გულწრფელად გეუბნებით. დასამალი არაფერი მაქვს.

- ცოლს, შვილებს გულისხმობთ?

- აუცილებლად. კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა - სხვა, დები - სხვა, შენი პირადი ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა… არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა "მოდი, ხვალ"-ის ძახილში.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი