კონტრასტული CONTINU - სისასტიკის, ძალადობისა და ნგრევის საკაცობრიო პრობლემებზე

კონტრასტული CONTINU - სისასტიკის, ძალადობისა და ნგრევის საკაცობრიო პრობლემებზე

20, 21 ოქტომბერს საქართველო გერმანიის (2017) წლის ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ"საჩუქრის" ორგანიზებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ლეგენდარული ქორეოგრაფის საშა ვალცის ერთ-ერთ გახმაურებული სპექტაკლი CONTINU.

ცურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ იორკის (BAM) შემდეგ გახმაურებული ქორეოგრაფიული დრამა თბილისში ჩამოვიდა, სპექტაკლი დიდი წარმატებით შედგა, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მაყურებელი სცენიდან არ უშვებდა მოცეკვავეებს.

დიდმა გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანაგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე, სახელოვნებო და სამეცნიერო ნააზრევის გაერთიანებით, ვალცმა კაცობრიობის უცვლელი სტერეოდინამიკა ქორეგრაფიის ენაზე გადმოსცა და 24 მოცეკვავის დახმარებით, გასული წლების მანძილზე მსოფლიო ომების, მიგრაციის, კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ შუქში წარმოგვიდგინა.

ლეგენდარულმა საშა ვალცმა შეკრიბა თავისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი, რომელიც ბოლო 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ყველაზე ცნობად საავტორო ნიშნად იქცა. სახელწოდება CONTINU ანუ „გაგრძელება“ ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანზე უწყვეტ რეაქციაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია თავისუფლებისგან, ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან, დემაგოგიისგან და ძალადობისგან, რაც გვჯერა საქართველოშიც გააღრმავებს დიალოგს ამ თემაზე, რადგან ეს ის ეგზისტენციალური დილემაა, რომელიც სივრცისა და დროის უსასრულო კონტინიუმს ქმნის და დაუსაბამო დროიდან გრძელდება.

თუმცა, გარდა ნაწარმოების ფილოსოფიური ექსპლიკაციისა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული CONTINU-ს გენიალურმა ქორეოგრაფიულმა ნამუშევარმა და საშა ვალცის მსოფლიო დასმა ქართველ მაყურებელს იშვიათი სიამოვნება მიანიჭა და, რაც მთავარია, თანამედროვე მსოფლიოს მაღალ ხელოვნებასთან თანაზიარი გახადა. საშა ვალცისთვის მთავარი იყო აზრისა და ემოციის პლასტიკური გამოხატულების სიზუსტე, ამ კონცეფციის ფორმულირებაში სხეულების “ექსპერიმენტებით” შეპყრობილმა ქორეოგრაფმა სხეულს, მოძრაობას, ახალი თვალით და ახალი რაკურსიდან შეხედა, მერე თავის ლაბორატორიაში მოცეკვავეების სხეულები მისეული ტექნიკის მექანიკაში მოაქცია და სივრცეში თავისუფალი მოძრაობის, იმპროვიზაციისა თუ ვარდნის საშუალება მისცა.

საშა ვალცი სივრცეში სხეულების კონფიგურაციას ისე ათავსებს, რომ ვიღებთ ექსპრესიულ ”ქანდაკებებს”, რომლებიც ერთი მარტივი დეკორაციის, შავი კვადრატის სიღრმეში მოძრაობენ და გაცნობიერებული აქვთ გადასვლები და ცირკულაცია. ცეკვაში იცვლება მოძრაობა, იცვლება ვიზუალური იმიჯები, იცვლება კომუნიკაციის დინამიკა... და მუსიკაც. აქ მოძრაობის მექანიზმი უფრო გეომეტრიულია თავისი კონტრასტებით, დამრგვალებული ხაზებით, ტეხილი პლასტიკით, თუნდაც დატვირთული კონსტრუქციებით. ამ ქორეოგრაფიულ ლანდშაფტში, სადაც ამუშავებულია ცეკვის თავისუფალი “საზღვრები”, ვკითხულობთ გროტესკსაც. სხეულების “ექსპერიმენტებით” ასე იქმნება ვალცის თანამედროვე, ფსიქოლოგიური ოპუსი, რომელშიც მოცეკვავეები აზროვნებენ, ინტერპრეტაციის ხერხებს მიმართავენ, ანუ “მოძრაობაში ინტელექტს დებენ”. ამ ნამუშევრით გრძნობ, რომ საშა ვალცმა არა მარტო თანამედროვე ცეკვის ფორმები თავის აზროვნების სტილსა და კონსტრუქციაში მოაქცია, არამედ ამ პლათფორმაზე მან გაუსწრო დროს... ვალცის მოცეკვავეებს სურთ არა მარტო ესთეტიკა გაჩვენონ, არამედ პლასტიკის ლექსიკაში სხეულების ფორმაციით სიღრმე, სირთულე, ირონიაც კი შემოიტანონ, სიღრმე, სირთულე, ირონიაც კი არაჩვეულებრივად საინტერესოდ იცეკვონ...

იოჰენ ზანდიგი, ცეკვის კომპანია „საშა ვაცლი და სტუმრების“ (Sasha Waltz & Guests) დამფუძნებელი, პროდიუსერი:

Continu ისეთი ნამუშევარია, რომელსაც ბევრი განზომილება გააჩნია. საშა ვალცს არ სურს, დეტალურად ახსნას ყველაფერი და ამდენად, მაყურებელს თავისი ასოციაციური მნიშვნეობით შეუძლია სპექტაკლის აღქმა. Continu ორმოქმედებიანი დრამაა, შესაბამისად, აქ ორი ნაწილია: პირველი- შავი, და მეორე - თეთრი. ეს კონტრასტია. პირველი მოქმედება უფრო სასტიკია, ტრაგიკული, ძალადობას და ნგრევას გადმოსცემს, მეორე კი უფრო ოპტიმისტური, პოეტური და მომავალზე ორიენტირებულია. მეორე ნაწილში, ვხედავთ ერთ ყუთში მომწყვდეულ ადამიანებს და იმასაც, ერთმანეთში როგორ ურთიერთობენ. Continu-ს აქვს არქაული დატვირთვა, მუშაობის პროცესი ორ მუზეუმში მიმდინარეობდა, რაც გამსაზღვრელი გახდა სპექტაკლის დრამატურგიისა და ქორეოგრაფიისთვის.

ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი:

„ვფიქრობ, რომ საშა ვალცის სპექტაკლის თბილისში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის აჩვენებს დაძაბულობას საზოგადოებას და ინდივიდებს შორის, ისევე, როგორც ბუნებასა და მის მიერ მიღებულ ენერგიას შორის. ძალიან გვიხარია, რომ საშა ვალცის დასი ჩამოვიდა თავისი ტექნიკური ჯგუფით, მენეჯერებით... ორი წლის წინ, ის მხოლოდ 7 მოცეკვავესთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. საქართველოში და თბილისში ვიზიტს იმდენად დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, რომ მოუნდა და მეორედ უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოვიდა მისი დასი. ეს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ასე მოვიპატიჟეთ ეს დასი გერმანია-საქართველოს (2017) წლის ფარგლებში.”

მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი საშა ვალცი პროფესიას ამსტერდამში დაეუფლა. 80-იანი წლების ბოლოს მუშაობა ნიუ-იორკში განაგრძო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა ქორეოგრაფთან თანამშრომლობდა. მხოლოდ 1993 წლიდან, ბერლინში ფეხის მოკიდებისთანავე, თანამოაზრე ხელოვანებთან - მუსიკოსებთან, მხატვრებთან დამოცეკვავეებთან ერთად პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა, რომელმაც მისი განსაკუთრებული იუმორით, აგრესიით და ვნებით მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. პროფესიონალები კი დღემდე მიიჩნევენ, რომ „მოგზაურის დღიურები“ მოცეკვავის სავიზიტო ბარათია სამყაროს მიმართ, რომელსაც უკვე ორი დეკადაა, რაც მაგიური ენერგიით პირველობას უნარჩუნებენ ვალცის მსახიობები.

„მოგზაურის დღიურები“-ს ყოველი ეპიზოდი ცეცხლივით მწველი და ამავე დროს სახელმძღვანელოა, ზუსტი მოძრაობებით და პლასტიკური სახეებით, რაც ვალცის ძლიერ მხარეზე მეტყველებს“ - წერს „ნიუ იორკ თაიმსი“. „ლეგენდარული პინა ბაუშის შემდეგ ყველაფერი სადღაც გაქრა, ახალი სახელები კი მისმა აჩრდილმა დაფარა." - წერს „ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი. მისი სიკვდილის შემდეგ დაცარიელებული ტახტის „კანონიერ მემკვიდრედ" სწორედ საშა ვალცს მიიჩნევენ, რომელიც გვაბრუნებს ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიციებთან. კერძოდ, ბაუშის ადრეულ ოპუსებთან. ის განსაკუთრებით ჰგავს 70-იან წლებში დადგმულ „კურთხეულ გაზაფხულს", რომლის სკულპტურული გამომსახველობა, ჯგუფური პორტრეტები, მოძრაობის ელემენტები და დრამატული რიტმი უდავოდ შთააგონებდა საშა ვალცს ახალ იდეებსაც.

CONTINU-ს მსოფლიო პრემიერა 2010 წელს ციურიხში შედგა, როდესაც წარმოდგენა განცხორციელდა ცეკვის კომპანია „საშა ვაცლი და სტუმრების“ (Sasha Waltz & Guests), ცურიხის სახელმწიფო ოპერისა სახლისა და ციურიხის ფესტივალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ’ს უელსის თეატრის დაკვეთით. რეჟისურა დაქორეოგრაფია: საშა ვალცი, მუსიკა: ედგარ ვარეზე, იანის ქსენაკის, კლოდ ვივიერ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, სცენოგარფია: ტომას შენკი, პია მაიერ შრივერი, საშა ვალცი. კოსტიუმების ავტორი: ბერნარდ სკოძიგი, სასცენო განათება: მარტინ ჰაუკი, დრამატურგია: იოჰენ ზანდიგი. CONTINU საშა ვალცის ენა ექსპრესიულია და ემოციური, მაგრამ მის მონათხრობში მაინც რჩება თავისუფალი სივრცე აბსტრაქციისთვის. ყოველდღიური ცხოვრებიდან კომიკური ფორმით გადმოცემული ჩვეულებრივი მოვლენები კონტრასტს ქმნიან წარმოდგენის დრამატულ და ემოციურ ნაწილთა შორის. კონცენტრაციას დეტალზე აჩერებს და ჟესტების და ქმედების სინატიფე დროის გართულებულ და რიტმულ სურათს ჰქმნის. კლიშე და სტერეოტიპი გმირებს საკუთარი თავის კარიკატურებად აქცევს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება