თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე

თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე

ცესკო-ს თიანეთში არჩევნების შედეგების გაუქმების არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ არჩევნები განმეორებით თუ დაინიშნება, მივიღებ მონაწილეობას და ჩემი შედეგი მათთვის გაცილებით უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე ახლა არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას თიანეთში არჩევნების განმეორებით ჩატარების თაობაზე.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკო გააუქმებს თიანეთის არჩევნების შედეგებს, ასევე უნდა აღიაროს, რომ არასწორად შეაჯამა.

"ნებისმიერ ავანტიურისტს, რომელიც თავად აყალბებდა არჩევნებს, იყენებდა ყველანაირ რესურსს, ყოველივე ამის შემდეგ უნდა ეყოს უტიფრობა, რომ მეორე მხარეს უჩივლოს, უჩივლოს საოლქო კომისიას, საუბნო კომისიებს, რომლებიც მას გაყალბებაში ეხმარებოდნენ. ის გაყალბებას მედავება მე, რომელსაც კომისიის ერთი წევრიც არ მყოლია არც ერთ უბანზე და როგორ უნდა გამეყალბებინა არჩევნები? ეს ხომ აბსურდი იქნება, მაგრამ თუ ეს აბსურდი კანონმდებლების, ცესკოს ან სასამართლოს მიერ იქნება მიღებული, მე შევასრულებ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამასთან, მეჭიაური ლელა ქიტესაშვილის არგუმენტაციას "გაუგებარს" უწოდებს.

"მე კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მის არითმეტიკას მაინც ვერაფერი გავუგე. ეტყობა სხვა განზომილებაშია, რას ითხოვს, არ ვიცი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოსთან მის სამომავლო ურთიერთობას "რთულს, მაგრამ საინტერესოს" უწოდებს და აცხადებს, რომ "დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულ საკრებულოს უმრავლესობასთან კომუნიკაციას კანონის მეშვეობით" აპირებს.

"საკრებულოსთან მუშაობა წარმომიდგენია რთულად, მაგრამ საინტერესოდ. არ მგონია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ინტერესში იყოს ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ადგილზე, საკრებულოს უმრავლესობაზე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ქუცნაშვილი აკონტროლებს. ერთადერთი კანონი იქნება ჩვენი კომუნიკაციის საშუალება, უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც მე ამირჩია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

ქიტესაშვილის თქმით, არჩევნებში მან 3076 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა თამაზ მეჭიაურმა - 3077. ქიტესაშვილის განცხადებით, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ 50%-იან ბარიერს გადალახავდა ანუ მინიმუმ, 3080 ხმას მიიღებდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."