335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება

335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება

აქცია Coats-ის ფარგლებში, გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად, 335-მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი ზამთარს თბილი ტანსაცმელით შეხვდება.

"ბავშვები ბავშვებისათვის" - ამ სლოგანით "რედისონ ბლუ ივერიაში" საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში "რედისონ ბლუ ივერიაში" შეკრებილ ბენეფიციარებს, თბილი ქურთუკები, ფეხსაცმელები და ზამთრის სხვა სახის ტანისამოსები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-8 წელია, Coats-ი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება.

საქველმოქმედო ღონისძიებაში Coats (Clothing Others Against The Snow "ჩააცვი სხვებს თოვლის წინააღმდეგ") თბილისის 12 სკოლის ბავშვები არიან ჩართულები. სკოლებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვების პროცესს ორგანიზებას "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" უწევს.

როგორც AMBEBI.GE-ს "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" დირექტორმა განუცხადა, აკადემიის მშობელთა საბჭო ერთი თვის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა.

"აქციაში ჩართულია 12 - მდე, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ბავშვები, რომლებიც თანატოლებს ეხმარებიან. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკული აკადემია, ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული ასევე ამერიკული აკადემიის მშობელთა საბჭო. მე, როგორც დირექტორი, ამაყი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა", - განაცხადა "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" დირექტორმა.

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" მოსწავლის, სოფო კევლიშვილის თქმით, თანასკოლელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ტანსაცმლის შეგროვების პროცესში, რომელიც შემდეგ ბენეფიციარებს უნდა გადაეცეთ.

"პროექტი მე-8 წელია ტარდება "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" თაოსნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ჩვენი სკოლა არის. შესაბამისად, ჩვენი სკოლის ბავშვებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ღონისძიებაში. პირველ რიგში, ჩვენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გვევალება, ასევე ტანსაცმლის შეგროვების მხრივ ვცდილობთ, რომ აქტიურები ვიყოთ", - განაცხადა სოფიო კევლიშვილმა.

"საჩუქრად გადმომცეს ქურთუკი, ფეხსაცმელები და ყველა სახის თბილი ტანისაცმელი, რაც ზამთრისთვის მჭირდება. ყველაფერი ძალიან მომეწონა და ამისთვის დიდ მადლობა", - ამბობს ბავშვთა სახლის "ცისარტყელა" ერთ-ერთი ბენეფიციარი.

Coats-ს 2017 წელს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხისა და ჭიათურის თავშესაფრების ბავშვებს დაეხმარა. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი კი "რედისონ ბლუ ივერიაში" გრანდიოზული ტორტითა და ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

Coats-ი 8 წლის წინ BP-ს მაშინდელი ხელმძღვანელის მეუღლის, მიშელ დანის ინიციატივით, ბავშვთა დახმარების ცენტრის "ბავშვი და გარემოს" ბენეფიციარების მხარდასაჭერად ჩატარდა. წელს კი აქციაში უკვე დამატებით ორი ცენტრი "ხსნის არმია" და "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" არიან ჩართული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი