ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა გარეთ ტემპერატურა თანდათან იკლებს, მალეც ღამდება და ახალი წელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ადამიანთა უმეტესობას მეტი თავისუფალი დრო გვიჩნდება იმისთვის, რომ სახლში მყუდროდ მოკალათებულებმა საინტერესო წიგნები ვიკითხოთ. როგორც ამბობენ, ზამთარში და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში ყველაზე პოპულარულია 3 ტიპის წიგნი, რომელთა გაყიდვებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება:

1. წიგნები, რომლებშიც მოვლენები უშუალოდ ზამთარში, ახალი წლის პერიოდში ვითარდება

2. წიგნები, რომლებშიც გვიყვებიან დაუჯერებელ, ჯადოსნურ ამბებს

3. წიგნები, რომლებიც სასიყვარულო თავგადასავლებითა და ემოციებით არის სავსე.

თუ თქვენც გსურთ ცივი დეკემბერი საინტერესო წიგნთან ერთად გაატაროთ და ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სასურველი ნაწარმოები, მაშინ ჩვენ გირჩევთ 5 ყველაზე პოპულარულ წიგნს ამ პერიოდისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც ნამდვილად მოერგება თქვენს გემოვნებას:

წიგნი N1 – მორინ ჯონსონის, ჯონ გრინის და ლორენ მირაკლის "თოვს და ითოვოს". ეს გახლავთ წიგნი, რომელიც სამი საშობაო მოთხრობისგან შედგება. ქალაქ გრეისთაუნში, შობის ღამეს, ქარბუქის შემდეგ დაწყებული ისტორია გოგონას შესახებ, რომელიც თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოსვლას გაბედავს და საოცარ ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვა ადამიანებშიც.

წიგნი N2 – ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი". ეს არის 3 მუსლიმი გოგოს ისტორია, რომლებიც ოქსფორდში სწავლობენ. ძირითადი მოქმედებები სწორედ ზამთარში, შობის პერიოდში ვითარდება. პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

წიგნი N3 - მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". ეს გახლავთ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს: სატირას, ფარსს, მისტიკას, რომანტიკასა და ფილოსოფიას. ის საოცარი ამბები, რომელიც ამ წიგნში ხდება, განსაკუთრებით უხდება საახალწლო ჯადოსნურ განწყობას.

წიგნი N4 – ჯორჯ მარტინის "სატახტოთა თამაში". მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს. მასში არის ყველაფერი: ზამთრის განწყობაც, დაუჯერებელი ამბებიც, სიყვარულის ისტორიებიც… წიგნის მიხედვით გადაღებულია თანამედროვეობის ყველაზე რეიტინგული სერიალი "სამეფო კარის თამაშები".

წიგნი N5 – ნიკოლა სპარქსის "ჩემი საუკეთესო ნაწილი". ეს არის სიყვარულის ნამდვილად ამაღელვებელი ისტორია. დატვირთულია ემოციური, გრძნობებით სავსე მონაკვეთებით. ამავდროულად სიუჟეტი არის არა ბანალური, არამედ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. მსგავსი წიგნი დეკემბრის ცივი საღამოებისთვის ნამდვილად კარგი არჩევანია.

იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ დეკემბრის თვისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევაში. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელი მოდის, პერიოდი, როცა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა ყველაზე აქტუალური საკითხი ხდება. წიგნი კი ყველაზე უნივერსალური, საუკეთესო საჩუქარია და შეგიძლიათ ჩვენი რჩევები ამ კუთხითაც გაითვალისწინოთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს