თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თუ დაკავებულებს ახმედ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის, ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით, - ამის შესახებ პანკისში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებთან მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. ასევე განაცხადა, რომ ის პირები, რომლებსაც სახელმწიფო ტერორიზმთან კავშირს ედავება, ხეობაში ნანახი ჰყავს, თვითონ კი სხვა სახელებით და გვარებით იცნობდა. აიზა მარგოშვილი სახელმწიფოს კითხვით მიმართავს, რომ თუ დაკავებულ პირებს ტერორიზმთან კავშირი ჰქონდათ, რატომ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად თბილისსა და პანკისის ხეობაში.

"იმ მომენტში თემირლანს მობილური ჰქონდა ხელში. თავის მეგობარს, თანაკლასელს და ჩემს ძმიშვილს ელაპარაკებოდა. მესიჯებს უგზავნიდნენ ერთმანეთს და ასევე რაღაც კლიპებს. ხოლო ხელყუმბარაზე ჩემ შვილს წარმოდგენაც არ აქვს. მობილური ძველი შეძენილი ჰქონდა... გავრცელებული კადრები ორი წლის წინანდელია. იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ თუ ასეთი დამნაშავეები არიან, მთელი ორი წლის განმავლობაში რატომ დაიარებიან თბილისსა და ხეობაში. ამაზე ვითხოვ პასუხს. ჩეჩნები თბილისსა და ხეობაშიც არიან, სტუმართმოყვარეები, შემოპატიჟება ვიცით. თუ ეს დანაშაულია, მე ვარ პირველ რიგში დამნაშავე. ეს ადამიანები ხეობაში მყავს ნანახი, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთშიც დადიოდნენ. რამდენი ხანია ესენი აქ არიან. თუ მათ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? რა შუაში ვართ ჩვენ? ჩვენ მათ სხვა სახელებითა და გვარებით ვიცნობდით. როცა ის კადრები ვნახეთ, მივხდით რომ ეჭვმიტანილები არიან და სახელებიც მაშინ გავიგეთ. ჩვენ მათ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით", - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკაზე მაჩალიკაშვილების ოჯახმა უარი განაცხადა, არჩევანი კი საკუთარი ძალებით მოძიებულ კლინიკაზე "კოჩი" შეაჩერეს. ექიმის განმარტებით, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარობა უცვლელია და კვლავ მძიმე რჩება.

"განსაკუთრებული ცვლილება ამ დრომდე არ გამოვლენილა. რაც შეეხება კლინიკის შერჩევას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კლინიკა ოჯახისთვი არ არის მისაღები და არჩევანი თვითონ შეაჩერეს იმ კლინიკაზე, რომლის მენეჯერიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და რომელსაც ამ პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალებით. ეს არის "კოჩის"კლინიკა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუკი არსებობს ოჯახის თანხმობა, იმაზე რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება მოხდეს "კოჩის"კლინიკაში, რატომ არ ხდება პაციენტის გადაყვანა, ექიმის თქმით, გარკვეული ეტაპებია გასავლელი, რასაც დრო სჭირდება.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით,ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროცედურები, გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომენტალურად არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ განხორციელება. ტრანსპორტირების ვადებზე ვერაფერს მოგახსენებთ. შესაძლოა, ამას 2 ან 3 დღე დაჭირდეს, არ ვიცი. ეს, უკვე ალბათ, შემდგომში კლინიკის მოსაგვარებელია იმ თვალსაზრისით,რომ ტრანსპორტირების დეტალები უზრუნველყოს, შეათანხმოს და ტექნიკური პრობლემები მოაგვაროს. რაც შეეხება ტრანსპორტირების რისკებს, არერთხელ მითქვამს, რომ ამის რისკები საკმაოდ მაღალია და კვლავ რჩება", - განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ