"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ

"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ

მკერდის გადიდება მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგიული პროცედურა გახლავთ. მრავალი ქალისათვის მკერდის ზომის შეცვლა არა მხოლოდ გარეგნობის ცვლილების, არამედ მეტი თავდაჯერებულობის საშუალებაა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ მკერდის გადიდების გადაწყვეტილებას მიიღებთ და როგორ შეიცვალა დროთა განმალობაში მიდგომა პლასტიკური ოპერაციებისადმი - ამაზე პროფესორი, ქირურგი გია გვარამია გვესაუბრება.

- სარძევე ჯირკვლის გადიდების პირველი ოპერაცია 1996 წელს ჩავატარე. მაშინ წელიწადში დაახლოებით ოთხი ოპერაცია ტარდებოდა, 2000 წლიდან კი, მკერდის გადიდებაზე მოთხოვნა გაიზარდა და ეს ტენდენცია ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნებულია. ამჟამად კვირაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ. ადრე მკერდის გადიდებაზე დიდი მოთხოვნა რომ არ იყო, ამის ერთ-ერთი მიზეზი პაციენტების არაინფორმირებულობა გახლდათ. 

- ალბათ, მკერდის გადიდების ოპერაციებზე მოთხოვნის ზრდა მოდასთანაც არის კავშირში.

- რა თქმა უნდა, მოდასთანაც კავშირშია. დროთა განმავლობაში ტენდენციები იცვლება, მაგრამ მუდმივად რჩება ის, რომ მკერდის ზომა არ უნდა იყოს პატარა. დღეს აღარ არის "მოდაში", რომ მკერდი ძალიან დიდი უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შევსებული.

- ყველაზე მოთხოვნადი რა ზომის მკერდია?

- ყველაზე დიდი მოთხოვნა 2-3 ზომის მკერდზეა, თუმცა იშვიათად, ისიც ხდება, რომ უფრო დიდი ზომისაც სურთ... ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ანთროპოლოგიური მონაცემები მუდმივად იცვლება - წინა საუკუნეში უფრო "სავსე" ქალბატონები იყვნენ, ვიდრე ახლანდელი გოგონები და ეს მკერდის ზომაზეც აისახებოდა.

- ასაკობრივი შეზღუდვები თუ აქვს ოპერაციას?

- 18 წლამდე მკერდის გადიდების ოპერაცია არ კეთდება, ზედა ზღვარი კი არ არსებობს. 60 წლის პაციენტიც გვყოლია. თუმცა, ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს - ადრე იმპლანტი 5 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვლილიყო, დღეს მას მუდმივობის გარანტია აქვს, მაგრამ ოპერაციიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ ესთეტიკურ ეფექტს კარგავს. კერძოდ, იმპლანტის ირგვლივ წარმოიქმნება ე.წ. კაფსულა, რომელიც დროთა განმავლობაში სქელდება. ეს პაციენტის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ე.წ. კაფსულა ხელით შეხებისას ბურთის შთაბეჭდილებას ტოვებს და არაბუნებრივია. ამიტომ ოპერაციიდან 15-20 წლის შემდეგ იმპლანტი უნდა შეიცვალოს.

- ოპერაციისას გამოყენებული მასალა რამდენად უსაფრთხოა?

- გამოიყენება სამედიცინო სილიკონი და არა ტექნიკური. იმპლანტის გარსი შედგება მყარი სილიკონისგან, შიგნით კი ასხია სილიკონის შედედებული სქელი ჟელე, რომელიც უფრო რბილია. ამ ჟელეს გააჩნია უნიკალური თვისება - ე.წ. კოჰეზიურობა, რაც უზრუნველყოფს მის "ფორმის მახსოვრობას". იმპლანტი რომც გაიჭრას ან გაიხეს, სილიკონის ჟელე არ იღვრება გარეთ და არ შედის კონტაქტში პაციენტის რბილ ქსოვილებთან. ამიტომ ის სრულიად უსაფრთხოა.

- საინტერესოა, მკერდის დაპატარავების ოპერაციებზე თუ არის მოთხოვნა?

- მკერდის დაპატარავების ანუ აწევის ოპერაცია უფრო რთულია, დაახლოებით სამ საათამდე გრძელდება და უფრო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება. მკერდის გადიდების ოპერაცია შედარებით მარტივია, ქალბატონს შეუძლია 2-3 დღეში სამსახურში გავიდეს, მთავარია მძიმეები არ ასწიოს. ასევე, მკერდის გადიდება გულისხმობს პაციენტის მენტალურ გაჯანსაღებას, დაპატარავება კი ფიზიკურ შვებას. პაციენტს დიდი ზომის მკერდის გარდა, აწუხებს ხერხემალი, ზურგი, ლავიწებთან ბიუსტჰალტერის კვალი და სიმძიმე.

თვეში სამი-ოთხი პაციენტი გვაკითხავს მკერდის დაპატარავების სურვილით, თუმცა უფრო ხშირია მკერდის აწევის და იმპლანტით გადიდების ერთდროული, კომბინირებული ოპერაცია - ასეთ პროცედურებს ის პაციენტები მიმართავენ, რომელთა მკერდიც დაშვებულია და ფორმა დაკარგული აქვს.

- რა ღირს მკერდის გადიდება და ფასი თუ შეიცვალა დროთა განმავლობაში?

- მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის და რომელი კომპანიის იმპლანტებს ვიყენებთ. ოპერაცია შეიძლება ღირდეს 6 500-დან 8 500 ლარამდე. 90-იან წლებში მკერდის გადიდება ღირდა 3 000 დოლარის ექვივალენტი ლარებში და დღევანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ, ფასი მკვეთრად არ გაზრდილა. ფასის გარკვეული ზრდა დაკავშირებულია ლარის ინფლაციასთანაც - ჩვენ მასალებს დოლარში ვყიდულობთ და როდესაც ლარის კურსი იცვლება, იძულებული ვხდებით, ფასი გავზარდოთ.

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი