მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.

მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია შეიქმნება, ასევე დაწესდება სტიპენდია, რომელსაც ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი მიიღებს, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მარიკა ლორქიფანიძის პატივსაცემად ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმიც დაარსდება.

"ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 70 წლის განმავლობაში. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლომდე იყო ყველაზე აქტიური, ძალიან სწორი და სამართლიანი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, იყო ასევე ისტორიკოსების მთელი პლეადის აღმზრდელი, აქვს 200-ზე მეტი მონოგრაფია და სამეცნიერო პუბლიკაცია. მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი ალბათ შესაბამისად დაფასდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია, ასევე შემოვიღებთ სტიპენდიას, რომელსაც მიიღებს ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი დაარსდება", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიკა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972-78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი