რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება

რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმის გათვალისწინებითაც მიიღო, რომ დაკავებულს ორ ეპიზოდზე ბრალი ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლებით აქვს წარდგენილი.

ამასთან, როგორც მწარიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზოგადად ითვლება, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე უფრო მეტად დასაბუთებულია პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ასეთ საქმეებზე ბრალდებული საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელია.

კითხვაზე, რამდენად უნდა იყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებული მძიმე კატეგორიის მუხლებით, თუნდაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესაფასებლად საჭიროა სხვადასხვა გარემოებებისა და დაზიანებების ხარისხების შესწავლა.

"ზოგადად გამოძიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არაა, რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება, მისი კორექტირება შეიძლება ხოლმე ძიების მსვლელობისას. მთავარია აბსურდული მუხლით არ დაიწყოს გამოძიება. ზოგადად სამართალდამცველები ცდილობენ გამოძიება უფრო ნეიტრალური მუხლით დაიწყონ, ზოგჯერ სტატისტიკის გამოც სცოდავენ. თავდაპირველად დაწყებული გამოძიების მუხლი, არ ნიშნავს საბოლოო კვალიფიკაციას.

მეორე მხრივ, საქმეში მხოლოდ სამართალდამცველის ფიგურირება, არ იძლევა მინცდამაინც იმის ავტომატურ საფუძველს, რომ საქმეს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს და იყოს მკვლელობის მცდელობა. დაზიანებები და საქმის სხვა გარემოებები არის მნიშვნელოვანი - მოტივი, მიზანი და ა.შ.", - განაცხადა მწარიაშვილმა, თუმცა ასევე არ გამორიცხა, რომ საქმეში ორი ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლის არსებობამ, სასამართლოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლავირების საშუალება მისცა და სწორედ ამიტომ გამოიყენა მოსამართლემ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულის მიმართ.

"სასამართლოსას საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს. ჩვენი სასამართლო პრაქტიკა სრულიად არაერთგვაროვანია. იქ ლოგიკას და დასაბუთებას ვერასოდეს ვერ ნახავთ აღკვეთის ღონისძიებასთან დააკავშირებით. გაუხარდება ასე იზამს და გაუხარდება ისე იზამს. აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას სხვა დასაბუთება სჭირდება ხოლმე, რაზეც თავს საერთოდ არ იტკიებენ. ზოგადად ითვლება, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე, უფრო დასაბუთებულია პატიმრობა ანუ საზოგადოებისთვის უკვე საფრთხის მატარებელია ეს ადამიანი, თუმცა ჩვენთან ე.წ. "თეთრსაყელოიან" დანაშაულებზე უფრო ხელაღებით უფარდებენ პატიმრობას, ვიდრე შეიძლება ძალადობრივ დანაშაულზე", - განაცხადა მწარიაშვილმა.

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

წაიკითხეთ: ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანში" მომხდარი გარჩევის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ