საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში

საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

"შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით", - აღნიშნულია ანგარიშში.

Human rights watch-ის შეფასებით, საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება,  ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები.

"შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები", - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია (HRW) ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი - პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2014 წლიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე კი პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე, თუმცა ამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, "ბირჟა მაფიის" და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეები მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა და 24-საათზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა "საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით". HRW-ის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტრდაზვერვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე მოხდა.

Human rights watch-ის ანგარიშში, ასევე, საუბარია მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე და ნათქვამია, რომ ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივნისში პოლიციამ ორი რეპერი - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

"მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის "თანასწორობის მოძრაობის" ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს, "ხოლო იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად".

საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით, - ამის შესახებ საქართველოში არსებულ შრომით უფლებებთან დაკავშირებით Human rights watch-ის ანგარიშში არის ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.

”სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch- ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."