"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე

"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე

მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის მეუღლე სვეტა ნავერიანი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ნავერიანი ვარაუდობს, რომ "ვიღაც" მისი მეუღლის მკვლელს ხელს აფარებს. სვეტლანა ნავერიანი "ინტერპრესსნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ამ საქმეს ასე არ დატოვებს და სამართლის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს".

"მესმის, რომ სვანეთი კომპაქტური დასახლებაა და რთულია ასეთი გარეწარის პოვნა ამ სიტუაციაში, მაგრამ ისეთი რა გახდა, რომ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მისი დაკავება? თუ ჩემი მეუღლის მკვლელს არ დაიჭერენ, უმოქმედოდ არ გავჩერდები, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სამართალს ვიპოვი. იმდენი ეჭვი მიჩნდება, გაგიჟებამდე მივყავარ. ვითმენ ორმოცამდე - მისი სულისთვის, შემდეგ კი ამას ასე არ დავტოვებ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მესტია რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში, მარტო თავს ვერ ირჩენს", - განაცხადა ნავერიანმა.

ლომურ ნიგურიანის მეუღლის განმარტებით, მკვლელი ოჯახის მკვიდრი ბიძაშვილი არ არის, თუმცა ისინი ერთი გვარის წარმომადგენლები არიან.

"ორი წლის წინ კონფლიქტი ჰქონდათ. იყო ორმხრივი სიტყვიერი დაპირისპირება. შემდეგ ჩვენი ბიძაშვილები ჩაერივნენ, მაგრამ შერიგება ვერ მოხერხდა. გასული წლის 25 დეკემბერს კი ჩემი მეუღლე სახურავს თოვლისგან წმენდდა, როცა მან დაუძახა, თოვლს ჩემს ეზოში ნუ ყრიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ჩემმა ქმარმა ვერ მოითმინა. სახურავიდან ჩამოსულს შეიარაღებული დახვდა და ჩემი მეუღლე ეზოშივე ჩაცხრილა. ჩვენს ქვეყანაში არ ხდება არაფრის კონტროლი. დღეს მე ვარ უბედური, ხვალ სხვა იქნება. ცოტა უნდა გამოვფხიზლდეთ," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოკლულის მეუღლემ.

მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში 2017 წლის 25 დეკემბერს მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 108-ე (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოკლული მესტიის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ