"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად

"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად

ბოლო დროს კიდევ უფრო დაძაბული ვითარების დასამშვიდებლად, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი, რაულ ხაჯიმბა ცენტრალურ რაიონებს ეწვია, რათა პრობლემებს უფრო ახლოს გაცნობოდა.

ხაჯიმბას მღელვარების მიზეზი გასაგებია - ის ბოლო დროს მის გარშემო დაწყებული აგრესიული კამპანიის მოგვარებას ცდილობს. სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის შემდეგ, ის გულრიფშის რაიონსაც ეწვია და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საკმაოდ მწვავე თემებზე მოუწია საუბარი. ერთ-ერთი, ისევ და ისევ, გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის თემა იყო, რა დროსაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მცდელობა, - "პრეზიდენტის" გადადგომის წინაპირობები შექმნან, არ გამოვა..."

"ისინი საუბრობენ დესტაბილიზაციაზე, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის სახიფათოა. ეს დესტრუქციული პოზიცია ქაოსს იწვევს"- აღნიშნა ხაჯიმბამ.

"აფხაზეთის შემოვლის ფარგლებში", ის გალის რაიონსაც ეწვია. რაიონის "ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებმა, სხვა, მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ერთად, გალში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ცენტრის შესაძლო აშენების საკითხი განიხილეს, რომელიც მათი ვარაუდით, "საქართველოში, სამკურნალოდ გადამსვლელი აფხაზების რიცხვს შეამცირებს..."

"იაპონური წარმოების აპარატი უკვე შეძენილია... ახლა მთავარია მისი დაბინავება. ამისთვის კი, საჭიროა, ფინანსები... რუსეთის ფედერაციიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, დავიანგარიშეთ და საჭიროა, შენობაც, სადაც ყველა სტანდარტი დაცული იქნება... ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ფართი. საჭირო დაწესებულების აშენება კი, დაახლოებით, 1 მილიონ 700 ათასი რუბლი დაჯდება" - აცხადებს გალის რაიონის მთავარი ექიმი გიორგი შონია.

ექიმის თქმით, ადგილობრივმა საავადმყოფომ, რეანომობილი მიიღო, რომლის საშუალებითაც, - 17 პაციენტი გადაიყვანეს კრასნოდარში, 76 - სოჭში... "საავადმყოფოში გვყავს ექიმი-რადიოლოგიც, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან აფხაზეთში, ამ სპეციალობის ექიმების დეფიციტია, ისევე, როგორც ექიმი-სანიტრები..." - განაცხადა შონიამ.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას თქმით, აღმოსავლეთ აფხაზეთში გალის საავადმყოფო საუკეთესოა. მათ 52 კარგად მომზადებული, თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი და 12 ექთანი ჰყავთ.

რაულ ხაჯიმბა მათ მხარდაჭერას შეჰპირდა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება...

"ხაჯიმბას მორიგი კლოუნადა, თვითგადარჩენისთვის..." - ასე შეაფასეს აფხაზებმა სოციალურ ქსელში ხაჯიმბას მხრიდან ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემორიგების მცდელობა. განსაკუთრებით მწვავე იყო გალის ვიზიტის შეფასებები, რადგან საქმე რეგიონში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემას, ჯანდაცვას ეხებოდა.

"ყველაფერი გვქონია გალში, - იმ ბოსელივით შენობაში, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის იაპონური წარმოების აპარატიც კი ინახება თურმე, რომელიც მგონი, სოხუმის საავადმყოფოში არ გვაქვს... პროფესიონალი კადრებიც გვყოლია. რატომ დავრბივართ საქართველოში, "სიცხის გასაზომად" ან რუსეთში, - ნებით სიკვდილისთვის?.. რუსეთში წაყვანილების რაოდენობა იციან, ცოცხალი და განკურნებული რამდენი დაბრუნდა, არაფერი უთქვამთ. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს დაცინვა... კიდევ რა გვჭირდება გამოსაფხიზლებლად?.." - წერს დიანა კვარჩია.

"აფხაზეთი არის ქვეყანა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი, ორ თვეზე მეტ ხანს მონად ჰყავდათ... მასზე ყველამ იცოდა, მაგრამ მილიციას არავინ დაუკავშირდა... რამდენიმე დღის წინ, ის გაიქცა და ფსოუს საზღვარზე დააკავეს. ყველამ ვიცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის აფხაზეთში; გვსმენია, როგორ გარბიან ისინი, ან ვერ გარბიან და საბოლოოდ, ლოთდებიან... ან ტყეში, ფერმებში, საქონელში, ხეების საჩეხად მიჰყავთ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. ვიდრე არ გამოაშკარავდება, - ვდუმვართ... ვითომ არც ახლა ვიცოდით... რა გასაკვირია, ასეთი ძლიერი კლინიკა გვქონია გალში და ხაჯიმბა რომ არ ჩასულიყო, ვერც გავიგებდით და ისევ საქართველოში ვივლიდით... საინტერესოა, კიდევ რამდენ მონას ვმალავთ?" - წერს ალიას სუხუმსკი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?