საჯარო სამსახურიდან სერიალში - ვინ არის "დავით ზუგდიდსკი", რომელმაც "კვარჩხი კვიჭიას" როლი მოირგო

საჯარო სამსახურიდან სერიალში - ვინ არის "დავით ზუგდიდსკი", რომელმაც "კვარჩხი კვიჭიას" როლი მოირგო

"დაქოქონ კვიჭიებმა მანქანა" - ეს ფრაზა პოპულარული სერიალის ("ჩცდ") მაყურებელს ხშირად ესმის, რასაც ერთ-ერთი პერსონაჟი - კვაზი მანტკავა ხშირად იმეორებს. კვიჭიები კვაზი მანტკავას დაცვას უზრუნველყოფენ. მათ შორის, ერთ-ერთი, ასაკით უფროსი კვარჩხი კვიჭია გამოკვეთილი პერსონაჟია. როლს მოყვარული მსახიობი დავით ჭურღულია, იგივე "დავით ზუგდიდსკი" თამაშობს.

AMBEBI.GE ტრადიციულად მიჰყვება მკითხველის თხოვნას და ამჯერად სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

ბატონი დავითი წარმოშობით ზუგდიდიდანაა, ბოლო 15 წელიწადია თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით აგროინჟინერია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორია. ჰყავს 4 შვილი და 5 შვილიშვილი. ამასთან, 36 წელიწადია აგრარული უნივერსიტეტის თეატრის მოყვარული მსახიობია.

"ეკა მჟავანაძეს, სერიალის კასტინგ-მენეჯერს წლებია, "სასოფლოს თეატრიდან" ვიცნობ. ერთხელაც მთხოვა, კასტინგი გამევლო. გავიარე და როლზე დამამტკიცეს. ვარ კვარჩხი კვიჭია. მეგრულად კვარჩხი უკუღმართს ნიშნავს", - ამბობს დავით ჭურღულია.

- კვაზი მანტკავას ერთი შეძახილი და კვიჭიები იქვე ხართ. სულ რამდენი ხართ?

- ოთხი ძმა ვართ, მათ შორის უფროსი მე ვარ... მსახიობობაზე მკითხეთ და სერიალში ჩემი მსახიობობა რა მოსატანია, პროფესიონალები ისე თამაშობენ. დათო კვირცხალიასთან, ქალბატონ თათული დოლიძესთან, ზურა ანთელავასთან კადრში ყოფნისას ჩემს მსახიობობაზე ვილაპარაკო, უხერხულია. უბრალოდ მიხარია, რომ მათთან მოვხვდი, ბედნიერი ვარ, რადგან ამ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობ ამ პოპულარულ სერიალში. რაც შეეხება თავად სერიალს, ეკრანზე რომ გამოჩნდები, მერე ნარკოტიკივითაა, სულ გინდა და გინდა, რომ იქ იყო, მაგრამ იცით, რომ ეს მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ასევე არის დიდი პასუხისმგებლობაც. მთელ გადამღებ ჯგუფს, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო, რომ შემარჩიეს და ამ ჯგუფში მოვხვდი.

- ისე, ვფიქრობ, არც იგრძნობა, რომ პროფესიით მსახიობი არ ხართ?

- მიხარია, თუ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, 35-36 წელია სცენაზე ვდგავარ. ეტყობა, ესეც თავისას შვრება. ალბათ რაღაცები ვისწავლე. ამასთან, სერიალში მონაწილეებისგან ბევრს სწავლობ, იმდენად ძლიერი მსახიობები არიან, მათ გვერდით გატარებული ყოველი წუთი ბევრის მომცემია არამარტო მოყვარული მსახიობისთვის, ნებისმიერი პროფესიონალისთვის. სერიალში ბევრია არამსახიობი, რომლებიც ამოცანას თავს შესანიშნავად ართმევენ.

- წლებია სცენაზე ხართ, თუმცა ამ სერიალმა გაგხადათ ცნობილი...

- ამასთან დაკავშირებით არაერთი კურიოზი ხდება, ეს უფრო ჩემს სამსახურებრივ მდგომარეობას უკავშირდება, ანუ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას... ერთხელ სამცხე-ჯავახეთში ვიყავით, კოოპერატივების თემაზე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გვქონდა. ჩემთან მოვიდა ერთი არაქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და მეუბნება: "ხოჩუ რასპისაცა". მე სხვა რაღაც ვიფიქრე და გადავირიე... მერე ამიხსნეს, დოჩის ავტოგრაფს გთხოვდაო... რომელ რეგიონშიც ჩავდივარ, ხალხი დიდი სითბოთი მხვდება, ყველგან უყურებენ სერიალს, ძალიან პოპულარულია. მერე მიდის ადამიანებისთვის ახსნა: კი, ბატონო, ის კვიჭიაა, სერიალში რომ თამაშობს. ასე რომ, კოოპერატიული განვითარების სააგენტო რომ კარგ საქმეებს აკეთებს საქართველოში, ფაქტია, მაგრამ ეს სერიალიც ძალიან მეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება უკეთესად მივაწოდო ინფორმაცია მოსახლეობას კოოპერატივების შესახებ.

- საჯარო სამსახურთან ამ გადღებას როგორ ათავსებთ?

- მადლობა ამისთვის ჩვენი სააგენტოს ხელმძღვანელობას, გიორგი მიშელაძეს. მაძლევენ იმის საშუალებას, რომ შევძლო და ვითამაშო. ეს ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

- ზოგიერთი მეგრელისგან მსმენია, რომ სერიალში მეგრული ყოფა ცოტა გაზვიადებულია. რას იტყოდით ამაზე როგორც მეგრელი?

- მოდით, მაშინ კითხვას შემოგიბრუნებთ. მითხარით მაშინ, რა არის გაზვიადებული და რა არის ისეთი, რაც რეალურად ასე არ არის? მე ზუგდიდელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, არანორმალურად მიყვარს ჩვენი კუთხე, ხალხი. როდესაც ასეთ რაღაცას ამბობენ, მაშინვე ვპასუხობ, რომ სწორი არ არის. შეიძლება კინოში რაღაც გაზვიადდეს, სასაცილო იყოს, მაგრამ სერიოზულად იმის თქმა, რომ უიმე, შეურაცხყოფა მოგვაყენეს მეგრელებს, არ შეიძლება. თუ ასეა, მაშინ თუკი ვინმე უნდა იყოს შეურაცხყოფილი, პირველ რიგში, მე უნდა ვიყო... ეს კინოა!

- სოციალურ ქსელში "დავით ზუგდიდსკი" - ასე წარადგენთ თავს. ''ზუგდიდსკი'' თქვენი ფსევდონიმია?

- ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არანორმალურად ვარ შეყვარებული ჩემს კურთხეზე, ჩემს ქალაქზე. იქ დავიბადე, გავიზარდე, დიახ, ზუგდიდელი ვარ, რაც მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა საკუთარი ქალაქის, კუთხის, ქვეყნისა და ერის წინაშე. ასე მზრდიდა ჩემი წინა თაობა და ჩემი ქალაქის პატივსაცემად დავირქვი ასე. ეს ზუგდიდისა და ზუგდიდელების სიყვარულია. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც თბილ სიტყვებს არ იშურებენ. მადლობა მაყურებელს, რომ გვიყურებს. რაც მთავარია, მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს კუთხეს, სრულიად სამეგრელოს, საქართველოს. ყველა მიყვარს, ყველა მახსოვს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი