სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"

სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"

სომხეთის მოსახლეობაში თანდათან შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთს ქვეყნის მთავარ მეგობრად მიიჩნევს. ამის დასტურია CRRC-ის (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი) კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს სულ უფრო ნაკლები რაოდენობის სომეხი მიიჩნევს მეგობრად...

თუმცა, ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, სომხეთი თურქეთისა და ირანის აგრესიის სამიზნე აღმოჩნდება. ადგილობრივი მედიის თქმით, ამ პოზიციას უფრო მეტად უფროსი თაობა იზიარებს...    

ადგილობრივი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყარაბახის მიმართ რუსეთის "მანევრული დამოკიდებულება" იყოს. სომხების გულისწყრომა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის მიყიდულმა იარაღმა გამოიწვია, რასაც ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიც ემატება...

სომეხი ანალიტიკოსის რუბენ მეჰრაბიანის მოსაზრებით, სინამდვილეში რუსეთი სომხეთის მთავარი მტერია, რომელიც მას წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო ინტერესებისთვის იყენებდა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა.

"გასული წლის აპრილში, ყარაბაღის პროცესების დროს, ეს ძალიან კარგად დავინახეთ და მადლობა ღმერთს, რომ სომეხ საზოგადოებას ანალიზის უნარი აქვს... რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რბილი ძალის გამოყენებით, რომ მასზე ვიყოთ მიბმული. შებრძანდით ადგლობრივ სუპერმარკეტებში, სავსეა რუსული ნაგავით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თავად რუსები არ ყიდულობენ... ჩვენ თანდათან ვხვდებით, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და აგრეთვე იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სომხეთი მისი მეგობარი ქვეყანა კი არა - მძევალია. ამ გამოცდის ყველაზე კარგი შემფასებელი აპრილის ომი იყო, რა დროსაც ჩვენი "ამხანაგები", რატომღაც აღარ ჩანდნენ," - აცხადებს მეჰრაბიანი.

სომეხი ბლოგერის ბაღდასარიანის თქმით, სომხეთში საშიში სინდრომი ყალიბდება, ქვეყანა თანდათან იცლება.

"ყველანი დავიღალეთ იმაზე საუბრით, თუ როგორ იცლება სომხეთი... ბევრმა გაასწრო ამ მძიმე ვითარებას და წავიდა, თითქმის დარწმუნებული ვარ, არც არასდროს დაბრუნდება, ძალიან ბევრი კი, წასასვლელად ემზადება... ბოლო 20 წელია ემიგრაციის ნაკადი კი არ სრულდება, ყოველწლიურად იზრდება. 

ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენად იქცა, რომ დედები შვილების გაზრდასა და აღზრდას სკაიპით ახერხებენ, ან ვერ ახერხებენ და ერთი სული აქვთ, როდის გახდებიან შვილები სრულწლოვანი, რომ ისინიც თან წაიყვანონ. წავიდნენ უკანმოუხედავად, თვითგადარჩენისკენ. ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ ჯერ კიდევ 3 მილიონი დავრჩით, თუმცა, სხვა ინფორმაცია აქვს ოპოზიციას... რეალურად კი, ორივე ტყუის, რადგან სომხეთში დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა სტრატეგიული საიდუმლოა.

ემიგრაციის მატების ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია, თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო უსაფრთხოების მომენტი. სომხეთს ახლა რეალური მეგობარი არ ჰყავს და ახლა უნდა გადაწყვიტოს, სწორ არჩევანს გააკეთებს და საიმედო მეგობრებს იყოლიებს თუ უკან დაბრუნდება..." - წერს სომეხი ბლოგერი.

სომხური მედიის თქმით, ხალხს ჯერ კიდევ ეიმედება რუსეთი, თუმცა იმასაც ამჩნევს, რომ ამ სახელმწიფოდან ვრცელდება და იმართება კორუფცია, რომელიც ქვეყნის ყველა სისტემაშია დაბუდებული, ამ პირობებში კი ქვეყანა ვერასდროს განვითარდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"