ელონ მასკის 69 წლის მოდელი დედა ჰყვება, როგორ გაზარდა მილიარდერი შვილი

ელონ მასკის 69 წლის მოდელი დედა ჰყვება, როგორ გაზარდა მილიარდერი შვილი

ელონ მასკის შესახებ მუდმივად საუბრობენ, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი რამდენიმე დღის წინ კვლავ მოექცა, როდესაც NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან კომპანიამ SpaceX რაკეტა Falcon Heavy გაუშვა.

ელონის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი დედაა, მეი მასკი, რომელიც ახალგაზრდობის წლებში მოდელი იყო და კარიერას დღემდე აგრძელებს. მეი 69 წლისაა, მას სამი შვილი ჰყავს - ელონი, კიმბელი და ტოსკა.

კიმბელი მეწარმეა, რესტორნების ქსელების მფლობელი, მისი ინიციატივით სკოლების ნაწილში ბავშვებს მებაღეობას ასწავლიან. ის აქტიურად უჭერს მხარს ფერმების განვითარებას და ჯანმრთელ კვებას.

44 წლის ტოსკა კი ფილმების პროდიუსერია.

და-ძმები დედას უნდა უმადლოდნენ, რომ მცირე ასაკში ისწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო კრეატიული და გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები.

მეი მარტოხელა დედა იყო და თავი სამოდელო საქმიანობით გაჰქონდა. შვილების აღზრდაში ტყუპისცალი და, ქეი ეხმარებოდა.

"მათ მცირე ასაკიდან ისწავლეს, რომ უნდა იმუშავო ბევრი, რადგან რაც უფრო მეტს მუშაობ, უკეთესად გამოგდის საქმე. ამასთან, საკუთარი პასუხისმგებლობაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, რადგან მუდმივად მეხმარებოდნენ," - განაცხადა მასკმა გამოცემასთან Vanity Fair 2015 წელს.

მეი 1948 წელს დაიბადა სასკაჩევანში, მრავალშვილიან ოჯახში. 2 წლის იყო, როდესაც მშობლებმა სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასვლა. დედა, ვინი და მამა, ჯოშუა ნორმან ჰალდემანი თავგადასავლების მოყვარულები იყვნენ და მუდმივად მოგზაურობდნენ შვილებთან ერთად.

1969 წელს მეი "მის სამხრეთ აფრიკის" ფინალში გავიდა, 1 წლის შემდეგ კი ეროლ მასკს გაჰყვა ცოლად - მასკი ინჟინერი იყო. წყვილს სამი შვილი ეყოლა.

მეი დიეტოლოგის პროფესიას დაეუფლა, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად ტორონტოში გადასვლის შემდეგ მან ნუტრიციოლოგია ისწავლა და მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

1979 წელს მეი და ეროლი ერთმანეთს დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ ელონმა გადაწყვიტა, მამასთან ერთად ეცხოვრა, ცოტა ხანში იგივე გადაწყვეტილება მიიღო კიმბელმაც. მოგვიანებით ელონმა განაცხადა, რომ დედის მიტოვებას საშინლად ნანობდა.

თავდაპირველად კანადაში საცხოვრებლად ელონი გადავიდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ტორონტოში მეი, კიმბელი და ტოსკაც გადასახლდნენ.

"როდესაც კანადაში ჩავედი, თავისუფალი დრო საერთოდ არ მქონდა. ჩემი ანგარიშები სამხრეთ აფრიკაში დაიბლოკა. საბედნიეროდ, ვიშოვე ბინა, რომელსაც მე, ელონი და ტოსკა 3 კვირის მანძილზე ვაწესრიგებდით, საცხოვრებლად რომ გამომდგარიყო. ვმუშაობდი ტორონტოს უნივერსიტეტში და ჩემი შვილებისთვის სწავლა უფასო იყო, პარალელურად მეც ვსწავლობდი, მოგვიანებით კი - ვკითხულობდი ლექციებს," - ჰყვება მეი.

ბევრი სხვა დედისგან განსხვავებით, შვილების ცხოვრებაში, ფაქტობრივად არ ერეოდა, მეი ბავშვებს საშინაო დავალებებსაც კი არ უმოწმებდა. მასკებმა ისწავლეს, როგორ გაეყალბებინათ დედის ხელმოწერა და დავალებებზე თავად აწერდნენ ხელს.

"მე არაჩვეულებრივი დედა ვიყავი. ჩემმა შვილებმა დამოუკიდებლად ისწავლეს, როგორ უნდა ეცხოვრათ," - აღნიშნავს მოდელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს