"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე

"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე

gazeta.ru-ს ერთ-ერთი ვერსიით, ოდესის გუბერნატორის კიევის რესტორან "სულგუნში" დაკავება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას უკავშირდებოდა, რომელმაც უკრაინას მისი ექსტრადაცია მოსთხოვა. საქართველოში, ექსპრეზიდენტს თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება...

კიდევ ერთი ვერსიით, სააკაშვილი და მისი მომხრეები, სწორედ ამ შაბათ-კვირას კიევში, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მორიგი გრანდიოზული მარშის გამართვას გეგმავდნენ. ეს ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარყო.

"მე მას კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ არ გაჩერდება, არ მოისვენებს, - შეუძლებელია ის უბრალოდ იჯდეს ნიდერლანდებში, თავის მეუღლესთან ერთად და იქიდან გასცემდეს ბრძანებებს, რევოლუციის დაგეგმვასთან დაკავშირებით..." - განაცხადა პოლიტოლოგმა მიხაილ პოგრებენსკიმ ВЗГЛЯД-თან საუბარში, რომლის თქმითაც, უკრაინიდან მისი სკანდალური გაძევების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთიდან უკრაინის საზღვარი კიდევ ერთხელ "გაარღვიოს".

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში დაბრუნების შემდეგ, ვარშავაში სააკაშვილს "ძალიან თბილად შეხვდნენ". ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნდება და უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების შესაცვლელად, მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს.

"საქმე ის არის, რომ ვარშავაში დაბრუნებულ პოლიტიკოსს, სამშობლოდან "სალამი" დაახვედრეს - საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აგვისტოში გაუგზავნა პოლონეთის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნა... რასაკვირველია, პოლონური რესტორნები ჯობია საქართველოს ციხეს...", - წერს ВЗГЛЯД-ი.

Deutsche Welle-ს კარიკატურა

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემა რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც ძალზედ აქტუალური საკითხია. რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ შეეცდება უკრაინაში დაბრუნდეს.

"ის ვაშინგტონიდან იღებს დავალებებს. ასე იყო, ოდესის გუბერნატორობის დროსაც და მანამდე, პოლონეთში ყოფნისას, ის დიდი ხანია საერთაშორისო ურთიერთობების მართვის ობიექტია და მთლიანად თავის პატრონებს ეკუთვნის - რასაც ისინი ეტყვიან, იმას აკეთებს," - აცხადებს ის.

უკრაინელი პოლიტოლოგის, მიხეილ პოგრებენსკის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილის დეპორტაცია მხოლოდ პოლონეთის კი არა, ამერიკის ხელისუფლებასთანაც იყოს შეთანხმებული, კიევში ამერიკის საელჩოს საშუალებით.

"სავარაუდოდ, უკრაინულ ხელისუფლებას ძალიან ზუსტად უნდა ჰქონოდა დაგეგმილი სააკაშვილის გაძევება, რათა მისთვის ჩვეული ზედმეტი აურზაური არ გამოეწვია", - აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, პოლონეთში მისი შესაძლებლობები, იმოქმედოს პოროშენკოს წინააღმდეგ, მკაცრად შეზღუდული იქნება.

თუმცა, არ გამოვრიცხავ მისი მხრიდან გარკვეულ მოქმედებებს. შესაძლოა, ეს იყოს ისევ და ისევ საზღვრის მოულოდნელი გადმოკვეთა, მისგან ხომ ყველაფერს უნდა ველოდოთ," - წერს პოგრებენსკი.

ქართველი პოლიტიკოსის მორიგ დაკავებას სოციალურ ქსელებშიც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბლოგერი ელენა შევჩენკოს მოსაზრებით, სულაც არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეა დუდა "ბარიგად" გამოაცხადოს და "მიხომაიდანი" მოაწყოს," - წერს ბლოგერი.

liga.net-ის ჟურნალისტის სერგეი ბერეჟნოის მოსაზრებით, სააკაშვილის დაკავება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი ანეკდოტია, რადგან უკრაინიდან გაძევებით, მისგან გაცილებით ძლიერ პოლიტიკოსს ქმნიან, ვიდრე უკრაინაში იყო.

"ჟვანეცკის ირონიული გამოთქმის არ იყოს, ტანკების წინააღმდეგ ტაბლეტებს იღებენ, შემდეგ დახუჭავენ თვალებს და ვითომ არაფერია..." - წერს ის.

"რა ქენით, პოლონელებო, მიიღეთ კანონი ჩვენი ბენდერების წინააღმდეგ?.. "საჩუქარი" უკვე გამოგზავნილია", - წერს უკრაინელი ბლოგერი კონსტანტინ კუკუშკინი.

მიხეილ სააკაშვილის რესტორან "სულგუნში" დაკავების კადრებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ბლოგერი დენის გოროხოვსკი წერს - "საოცარი კადრები იყო, - ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე... ის გაფრინდა, მაგრამ დაბრუნებას შეგვპირდა." ბლოგერების თქმით, "ახლა სააკაშვილის გამოძიებასთან დაკავშირებით, იულია ვლადიმიროვნა ტიმოშენკო უნდა მოემზადოს."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"