როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე

როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე

"და ვიღებ შარვლიდან ჰაერში საქნევად,

მსგავსად წითელი დროშის გაშლილის -

იკითხეთ, შეგშურდეთ,

მე მოქალაქე ვარ დიადი საბჭოთა კავშირის"

ამ სიტყვებით მთავრდება ვლადიმერ მაიაკოვსკის ცნობილი ლექსი საბჭოთა პასპორტზე. 27 წლის წინ დაშლილი დიადი საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიის ნაწილია. მისგან განსხვავებით პასპორტს, როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს გაცილებით ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს.

მისი გაცემის პირველი ცნობილი ფაქტი ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნით თარიღდება. სპარსეთის მეფის არტაქსერქსე I-ის კარის ერთ-ერთმა მსახურმა მეფეს სპარსეთიდან იუდეის სამეფოში გამგზავრებისთვის მიცემული სიტყვიერი ნებართვის წერილობითი სახით დადასტურება მოსთხოვა.

პასპორტები, უფრო სწორედ კი ქაღალდი, რომელიც კანონის თვალსაზრისით თანამედროვე პასპორტის როლს ასრულებდა, ძველ ეგვიპტეშიც არსებობდა. იმ დროს პასპორტის - ჯავაზის ფუნქციას პაპირუსის ქაღალდზე დაწერილი ტექსტი ასრულებდა. მის გარეშე ნილოსზე მოგზაურობა, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა და ეგვიპტის სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში შესვლა ყოვლად დაუშვებელი იყო. ტულუნიდების დინასტიის მართველობისას, ეგვიპტის დასატოვებლად საჭირო იყო ჯავაზის ქონა, ამ პასპორტში თანმხლები მონებიც კი უნდა აღრიცხულიყვნენ.

მიჩნეულია, რომ სიტყვა პასპორტი ფრანგული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით საზღვაო პორტში შესვლისთვის საჭირო ძველებურ დოკუმენტს ნიშნავს. სინამდვილეში ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ქალაქის კარიბჭეში შესვლის შესაძლებლობას გაძლევდათ. ფრანგული სიტყვა porte სწორედ კარს ნიშნავს.

თანამედროვე გაგებით "პასპორტის" პირველი ნიმუშის ავტორად ინგლისის მეფე ჰენრი V-ს მიიჩნევენ. შუასაუკუნოვან ევროპაში ასეთ დოკუმენტებს ადგილობრივი ხელისუფლება მოგზაურებს ურიგებდა. ქაღალდზე გაწერლილი იყო იმ ქალაქების ჩამონათვალი, რომლებშიც მოგზაურს შესვლის უფლება ჰქონდა.

აქტიური პასპორტიზაცია XV საუკუნიდან იწყება, რაც მათხოვრებისა და მაწანწალა ადამიანების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ისინი მუდმივად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, ამიტომ მოგზაურები იძულებული იყვნენ დამატებით წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მათ მაწანწალებისგან გაარჩევდნენ.

რუსეთში პირველი პასპორტები პეტრე პირველის დროს შემოიღეს. XVII საუკუნის შუა ხანიდან პასპორტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ნაპოლეონის ეპოქისთვის დამახასიათებელი გაუთავებელი ომების ჟამს, დეზერტირობის აღსაკვეთად საფრანგეთში სამხედრო პასპორტი (Militarpass) შემოიღეს. შემდგომში გამოჩნდა განსაკუთრებული პასპორტი ებრაელებისთვის და სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის.

მე-19 საუკუნის ბოლოს პასპორტიზციის კუთხით ევროპაში ვითარება შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში საზღვრის გადაკვეთა ძალზე მარტივი იყო და პასპორტის საჭიროებითაც თავს პრაქტიკულად არავინ იწუხებდა. რკინიგზის სწრაფმა განვითარებამ და ხალხის გადაადგილების რიცხოვნობის მკვეთრმა ზრდამ, იმჟამინდელი საპასპორტო სისტემა ერთიანად არაეფექტური გახადა. მესაზღვრეები ვეღარ აუდიოდნენ პასპორტების შემოწმებას. ამიტომაც ერთმანეთის მიყოლებით საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში საპასპორტო სისტემის საჭიროებამ მეორე პლანზე გადაიწია.

1914 წელს ვითარება ერთდროულად ორმა ფაქტორმა შეცვალა - ფოტოსურათმა, რომლის ჩაკვრა პასპორტებში სავალდებულო გახადეს და პირველმა მსოფლიო ომმა. ჯაშუშებისგან თავის დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად გამკაცრებული საპასპორტო კონტროლი მოიაზრებოდა.

მეფის რუსეთში პასპორტს აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. მე-18 საუკუნიდან კანონი მფლობელს პასპორტის გადაფორმებას და შესაბამისი ბეგარის გადახდას ყოველწლიურად ავალდებულებდა. მეფის ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ერთხანს პასპორტები საერთოდ გააუქმეს და შრომის წიგნაკებით ჩაანაცვლეს - პროლეტარისთვის შრომის წიგნაკს უფრო დიდი მნიშნელობა უნდა ქონოდა ვიდრე ბურჟუაზიულ პასპორტს.

წითელი ხელისუფლება გონს მხოლოდ 1923 წელს მოეგო. როდესაც გამარტივებული საპასპორტო სისტემის ხელშეწყობით ათასობით ადამიანი სსრკ-დან გაიქცა. ათი წლის შემდეგ სსრკ-ში პასპორტების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

დღეს თანამედროვე პასპორტი სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ის გაყალბებისგან არაერთი საშუალებებითაა დაცული. ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში, ქაღალდზე არსებული თქვენი პირადი მონაცემების დუბლირება პასპორტში "ჩაშენებულ" ჩიპზე ხდება. არსებული სტანდარტებით ამავე ჩიპზე ინახება პასპორტის მფლობელის თითის ანაბეჭდი და თვალის ბადურის სურათი.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს