ავტორი:

ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს

ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს

21 წლის გიორგი მღებრიშვილს "ფეისბუქის" საზოგადოება კარგად იცნობს. მის სახალისო ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათი ათასობით ნახვა აქვს. როგორც ამბობს, პერსონაჟი, რომელსაც ის ასახიერებს მის მიერ არის შექმნილი და კონკრეტულს არავის "აშარჟებს". ქართველი ახალგაზრდა ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიმღერას და მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ სიმღერასთან არის დაკავშირებული.

გიორგის AMBEBI.GE ბარსელონაში დაუკავშირდა:

- ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ყველა პოზიტიურ განწყობაზე დამეყენებინა. წარმოშობით ქარელის რაიონის, სოფელ რუისიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა რომ სიმღერაზე არ მივლია, ყოველთვის ჩემით ვმღეროდი. სიმღერას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ამჟამად ბარსელონაში ვცხოვრობ... ყოველთვის მინდოდა აქ წამოსვლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამოვედი. ძალიან მინდა, რომ აქ რომელიმე მუსიკალურ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა.

- "ფეისბუქზე" შენი ვიდეოები ძალიან პოპულარულია, შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელს იპყრობ... როდის გაჩნდა ვიდეოების გადაღების იდეა?

- ჩემი ვიდოების ისტორია დუეტებით იწყება. ეს გახლავთ ვიდეოაპლიკაცია, რომლის მეშვეობით სასურველ მომღერალთან "დუეტს" წერ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ კარგად მიიღო "დუეტის" ვიდეოები, მომინდა რომ მათთვის უფრო მეტი გამეკეთებინა. სახალისო ვიდეოებში კონკრეტულ ადამიანს არ ვასახიერებ, ყველა ჩემს მიერ გამოგონილი პერსონაჟებია. დაახლოებით 4 თვეა, რაც ვიდეოების გადაღებით ვარ დაკავებული. ვხედავ, რომ ხალხს მოწონს და შესაბამისად, ვცდილობ, ჩემს მაყურებელს იმედები არ გავუცრუო. ვეცდები, მომავალში კიდევ უკეთესიც შემოგთავაზოთ. სხვათაშორის თავიდან, სანამ ვიდეოები პოპულარული გახდებოდა, ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვაჩვენებდი, ისინი გვერდში დამიდგნენ, ძალიან იხალისეს და მირჩიეს, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა. საქართველოში ყოფნის დროს ვიდეოებს ხშირად მამა მიღებდა.

ნახეთ: "ვალენტინობა" შეყვარებულის გარეშე - გიორგი მღებრიშვილის ვიდეო, რომელმაც ქართული ინტერნეტი გაახალისა

- როგორ ფიქრობ, რით არის გამოწვეული შენი ასეთი პოპულარობა? "ფეისბუქზე" 60 000 გამომწერი გყავს...

- ვერ გეტყვით. ალბათ იმით, რომ ჩემს ძირითად ხუმრობებში კრიტიკას ვერ ნახავთ, უფრო პოზიტიური ხასიათის მატარებელი ვიდეოებია. ბევრი, ვინც მსგავს ვიდეოებს იღებს, კონკრეტულ ადამიანებს დასცინიან. მე, როგორც გითხარით, ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟი მყავს, რომელსაც მე თვითონ ვასახიერებ. თუმცა, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. "ფეისბუქზე" იმდენი მესიჯი და კომენტარი მომდის, წაკითხვასაც ვერ ვასწრებ. ვცდილობ, რომ ყველას გავცე პასუხი, უყურადღებო ნამდვილად არ ვარ.

- რომელიმე იუმორისტულ შოუში თუ მიგიღია მონაწილეობა?

- სულ თავიდან, ვიდეოები რომ გადავიღე, "ნიჭიერიდან" დამიკავშირდნენ, "დესპასიტოზე" სიმღერა შემომთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. თუ გადავწყვეტდი იქ სიმღერას ვიმღერებდი იმას, რასაც მე მინდოდა. დადგმული სცენები ნამდვილად არ მიყვარს.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- მალე აქ (ბარსელონაში) დაიწყება "ვოისი" და ძალიან მინდა, რომ საქართველო ვასახელო. ჩემი სამომავლო გეგმები სწორედ სიმღერას უკავშირდება.

თეო ცუცქირიძე

AMBEBI.GE