კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებიც.

მედიაორგანიზაციებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ და შეხვედრამაც საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და "რუსთავი 2"- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა. კამათი ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, სარეკლამო ბაზრის საკითხზე საუბარს მოჰყვა, როდესაც ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სარეკლამო ბაზარმა იკლო, პარლამენტის თავმჯდომარე კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მას სიცრუეში ადანაშაულებდა.

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოიტანეს რეალური მონაცემები სარეკლამო ბაზრის შესახებ, რომლის დროსაც იხელმძღვანელეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით.

"ჩვენ გავაკეთეთ მიმოხილვა 2014-2015-2016 წლების, ვინაიდან სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენცია 2015 წლიდან დაიწყო. სუფთა სარეკლამო ბაზრით მიღებულმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 92 670 274 ლარი. კითხვის ნიშნები რომ არ ყოფილიყო, ამ თანხას გამოვაკელით პოლიტიკური რეკლამით შემოსული თანხა ტელევიზიებში. აუდიტის სამსახურში მხოლოდ ეს სახეობაა ცალკე გამოყოფილი და არ არის გამოყოფილი მაგალითად, რადიოებში შესული თანხა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყოს. გამოკლების შედეგად, სუფთა სარეკლამო თანხა პოლიტიკური რეკლამის გარეშე 2014 წლისთვის 91 456 910 ლარი დარჩა. ეს არის ყველა მაუწყებლისთვის (რადიო, ტელევიზია) სარეკლამო შემოსავალი.

2015 წელს ჯამური შემოსავალი ყველა მაუწყებლისთვის იყო 98 204 758 ლარი, უშუალოდ რეკლამის, სპონსორობის და ტელეშოფინგის გზით მიღებული შემოსავალი კი - 81 951 841 ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით, 2015 წელს სარეკლამო ბაზარმა დაიკლო 9 504 000 ლარით. არგუმენტი, რომ ეს იყო არასაარჩევნო წელი, არ გამოდგება, ვინაიდან როგორც გითხარით, ჩვენ წინა წლის მონაცემები წარმოვადგინეთ პოლიტიკური რეკლამის გარეშე ანუ 2015 წელს ბაზარზე ლარში დარამატული კლება იყო. სამწუხაროდ, ლარში იყო 9 მილიონი, ხოლო დოლარში ბევრად მეტი იყო", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

"კავკასიის" ხელმძღვანელს სიტყვით გამოსვლა ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა, ის სიცრუეში დაადანაშაულა და საკუთარი არგუმენტებით უპასუხა.

"სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის, იმიტომ რომ 25 მილიონიანი მატება გვაქვს 2012 და 2013 წელთან შედარებით. იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია. 2014 და 2016 წლებს შორის თქვენ გიწერიათ, რომ 2 მილიონი არის მინუსი. მარეგულირებლის ინფორმაციაში წერია, რომ 3 მილიონი არის პლუსი. რეალურად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტყუილია, როდესაც ვამბობთ, რომ ბაზარი კლებადია.

თქვენ წინა შეხვედრაზე ბრძანეთ საინტერესო რამ, რომ თურმე მხარი დაგიჭერიათ იმ კანონპროექტისთვის, რომლითაც გაუჩნდა პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის კომპონენტი, რითაც 2016 წელს მილიონ 800 ათასი აიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაშინ იყავით ამის მომხრე და ახლა გვეუბნებით, რომ მაუწყებელს თუ დაემატება მილიონ 800 ათასი, ეს ყოფილა კატასტროფა. რასაც მაშინ მხარი დაუჭირეთ, ახლა ამბობთ, რომ კატასტროფაა. შესაძლოა, მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება მსჯელობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯანგირაშვილმა ითხოვა 5 წუთი განცხადებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, მისთვის სიტყვა არ შეეწყვეტინებინა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ "თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა".

"თქვენ ხართ დესტრუქციული და მე ვტოვებ ამ შეხვედრას", - მიმართა ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჯანგირაშვილის შემდეგ შეხვედრა დატოვა თამთა მურადაშვილმაც და ამის მიზეზად დაასახელა ის, "როგორ მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელს".

ამასთან, თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზე იყო და "ემესიჯებოდა კომუნიკაცების ეროვნული კომისიის წარმომადგენელს კახი ბექაურს და მისგან ღებულობდა ინფორმაციას სარეკლამო ბაზრის თაობაზე". მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი განწყობა იყო აგრესიული და არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ იღებდა.

"ამ დისკუსიას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ტრიბუნასთან ვხედავდით, საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა პარლამენტის თავმჯდომარეს" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის იურისტმა.

რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლების პოზიციას, არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

"ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმე კარგია, არამედ ასეა კანონით დადგენილი. თითოეული ჩვენი ლარი და თეთრი არის მთლიანად გაკონტროლებული და სამსჯავროზე გამოტანილი. მე დღესაც კი მივაწოდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია" - აღნიშნა მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, "საზმაუს" დაფინანსების 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი:

"იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? დაფინანსებას ვგულისხმობ. სინამდვილეში არის 39 მილიონი. როდესაც ამბობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონს, ეს 50 მილიონი არ არის და 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავდა 39 მილიონს. ანუ, 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი. როდესაც ვამბობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არის 2 საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეკითხვით მიმართა "პალიტრანიუსის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა დადიანმა. დადიანი დაინტერესდა, დაეკონკრეტებინა მაღლაფერიძეს, რა თანხაა ეს, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 53 მილიონ ლარამდეა.

როგორც "პალიტრანიუსის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მას არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება რჩება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის ერთ ფრაზას მოვიშველიებ, რომ სარეკლამო ბაზარზე დიდი გავლენას არ მოხდენს კომერციული რეკლამის გაზრდის ცვლილებაო, ამ შემთხვევაში, მინდა შეკითხვა დაგისვათ თქვენ და საპარლამენტო ურავლესობიდან იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მიეცით ამ ცვლილებებს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია გარანტირებული ბიუჯეტი სახელმწიფოდან და თვითონვე ამბობს, რომ ცვლილებებით საუბარია დაახლოებით 2 მილიონზე, რომელიც ამ ბაზარზე დიდ გავლენას ვერ არ მოახდენს, მაშინ რა არის ამაში, რომ ეს ცვლილება მაინცდამაინც უნდა გავიდეს? ვის რას აძლევს ეს 2 მილიონი? თუ მეორე მხარეს, რჩება ის კომერციული არხები, რომლებიც ამ ფულისთვის იბრძვიან და ეს არის მათთვის საარსებო წყარო. ეს 2 მილიონი 20 -22 რეგიონული არხის ფულია", - განაცხადა ინგა დადიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."