ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე

ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მოკლული მოსწავლეების მეგობრებს სოლიდურ თანხას სთავაზობენ - ამის შესახებ "შაბათის კურიერი" იუწყება.

გადაცემაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც, მათი ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები საუბრობენ. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ჩხუბის მონაწილეები თავად ყვებიან, ვინ ვის დაარტყა და როგორ მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები სასკოლო ჩანთებით საქმის გარჩევაზე მისულებმა ერთმანეთს.

აუდიოფაილში ხმები შეცვლილია, ამოჭრილია იმ არასრულწლოვნების გვარებიც, ვისაც საუბრის მონაწილეები ახსენებენ.

მოზარდებს შორის ამ საუბარს შეესწრო "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს.

ჩანაწერში არასრულწლოვნები გამოთქვამენ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთ პირს გავლენიანი პატრონები ჰყავთ. მათივე საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში "ქართული ოცნების" წევრების ან მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებული ოჯახების შვილები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი საკრებულოს დეპუტატის, დიდუბის მაჟორიტარ თარაშ შურღაიას შვილია.

თავად შურღაია მისი შვილის კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მისმა შვილმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არასრულწლოვნები უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო დეტალზეც მიუთითებენ. მათი ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტში, 51-ე და ექსპერიმენტული სკოლების გარდა, მოსწავლეები სხვა სკოლებიდანაც მონაწილეობდნენ. სახელები და გვარები ყველასი არ იციან.

"კურიერის" ინფორმაციით, უმეტესობის ვინაობა არც გამოძიებას აქვს დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ 51-ე სკოლიდან ხორავას ქუჩის 4 ნომრამდე მისასვლელ გზაზე არსებულ გარე სათვალთვალო კამერებს, თითქმის, ყველას სახე აქვს დაფიქსირებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ