დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" იწყება!

დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" იწყება!

გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი, "გახდი ბესტსელერის ავტორი" მეორე სეზონს იწყებს. დამწყებ და გამოცდილ ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" და დიდი აღიარება მოიპოვონ. განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყება!

კონკურსი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ორგანიზებით, პირველად გასულ წელს გაიმართა. 300-მდე ნამუშევრიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული. თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი. აქედან 2 მათგანი ხალხის და 2 კი ჟიურის რჩეული გახდა. ავტორები გამარჯვებისთანავე გახდნენ პოპულარულები. მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სატელევიზიო თუ რადიო გადაცემებში, მართავდნენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტებსა და სკოლებში. გახდნენ ბიბლუსის დიდი ლიტერატურული ტურნეს მონაწილეები, რომელის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ მასშტაბურ შეხვედრებს მკითხველთან. ხალხის რჩეული თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" ბოლო 3 თვის განმავლობაში გაყიდვების რეიტინგით #1-ია და ბესტსელერთა სათავეშია არა მარტო ბეჭდურ, არამედ ელექტრონულ წიგნებშიც. რომანის პრეზენტაცია 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა, თვენახევარში კი ქართული ბაზრის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, 2000-იანი ტირაჟი სრულიად ამოიწურა. გამომცემლობამ მას შემდეგ კიდევ ორჯერ დაბეჭდა ახალი, გაზრდილი ტირაჟი.

ასევე ამოიწურა და ხელახლა იბეჭდება დანარჩენი სამი ავტორის: შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით", ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლოსა" და ელის დოჯსონის "რაფლეზიას" ტირაჟებიც. ვინ იქნება შემდეგი ბესტსელერის ავტორი, ამას კი 2018 წლის კონკურსი გამოავლენს.

თათული ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა.

"კონკურსმა "გახდი ბესტსელერის ავტორი" ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. წიგნის გამოცემის შემდეგ ყველაფერი იმ ფილმივითაა, რომელიც არ გინდა ოდესმე დასრულდეს. თუ ადამიანი მზად არის, სამწერლობო ასპარეზზე შეაბიჯოს, თავისი რომანის იმედი აქვს და არ ეშინია წარმატების, აუცილებლად უნდა გააგზავნოს კონკურსში რომანი. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მადლობას ვუხდი "პალიტრაL"-ს, რომ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობას აგრძელებს," - განმარტავს თათული ღვინიანიძე.

"გახდი ბესტსელერის ავტორი" - ეს არის სახალხო კონკურსი, რომელიც მწერლებს საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობას სთავაზობს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცნობილ მწერლებს, ასევე უცნობ ავტორებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან.

ნამუშევრებს კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად, ყველაზე ობიექტური მსაჯი - მკითხველი შეაფასებს. 3 გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს, 2-ს კი - ჟიური. ამ დროისთვის უცნობია ჟიურის წევრების ვინაობა. გასულ წელს ჟიურის წევრები იყვნენ: ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიკა დარჩია.

მთავარი პუნქტი, რაც კონკურსს განსაკუთრებულს ხდის, ეს არის ჯილდო გამარჯვებულისთვის. კონკურსის მიზანია, რომ ის ნაწარმოებები, რომელიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს, უჩვეულოდ მაღალი ტირაჟებით გაიყიდოს, რაც მწერლისთვის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, ცნობადობასა და აღიარებას გულისხმობს. გამომცემლობა პალიტრა L მაქსიმალურად შეეცდება შეუქმნას კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს ყველა პირობა, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ. ბეჭდვის და გამოცემის შემდეგ გამომცელობა განსაკუთრებულად იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს