ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი

 ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, წელს ჩუტყვავილა "ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს".

ჩუტყვავილას გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია.

თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი, თინათინ ქორიძე მშობლებს ჩუტყვევილასთან დაკავშირებით შემდეგ რჩევებს აძლევს:

ვის ემართება ჩუტყვავილა?

ათიდან ცხრა დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია. 2-3 თვის პატარები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით

ამ ინფექციისგან, ფაქტობრივად, დაზღვეულნი არიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს პასიური იმუნიტეტი არ გადაეცემა. ასეთ დროს ის ტრანსპლაცენტური გზით ინფიცირდება. მოსალოდნელია ახალშობილის დაავადებაც, თუ დედამ ორსულობის უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფობა გადაიტანა. ინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, თანაც რაც უფრო ასაკოვანია ავადმყოფი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ინფექციის წყარო ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანია. გამომწვევი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღეს მისი გაქრობის შემდეგ. როდესაც უკანასკნელი გამონაყარი ფუფხად იქცევა, ავადმყოფი საშიში აღარ არის - ფუფხი ვირუსს არ შეიცავს.

როგორ ვლინდება დაავადება

საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 10-21 დღეა, უმეტესად - 14 დღე. ტემპერატურა ამ დროს ნორმალური ან სუბფებრილურია (37-დან 37,3 გრადუსამდე). გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე.

სად ჩნდება გამონაყარი და როგორია იგი?

გამონაყარი პირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ნაწილში, კიდურების დისტალურ (პერიფერიულ) ნაწილებზე. თავდაპირველად წითელ ლაქებს ან პაპულებს (კანის ზედაპირიდან წამოწეულ წარმონაქმნებს) წააგავს, რამდენიმე საათში კი ერითემულ ფონზე (გაწითლებულ კანზე) დაყრილ ოვალურ ან მრგვალ გამჭვირვალე ბუშტუკებად - ვეზიკულებად იქცევა. მათი შიგთავსი მალევე იმღვრევა. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება. ფუფხის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ წარმოიქმნება. სამაგიეროდ, რჩება კანის მუქი პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ფერმკრთალდება, ხოლო 2-3 თვეში სულმთლად ქრება. ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე) გამონაყარი მალე იქერცლება და ტოვებს ზედაპირულ ეროზიებსა და წყლულებს, რომლებიც 5-7 დღის შემდეგ მთლიანად ხორცდება.

გამონაყარი უხვია და ტალღისებური ხასიათი აქვს - 1-2-დღიანი ინტერვალებით წარმოიქმნება. ამ დროს წინა ტალღა ჯერ კიდევ არ არის ჩამცხრალი, ამიტომ კანზე ერთდროულად აღინიშნება ლაქოვან-პაპულური, ვეზიკულური წარმონაქმნები და ფუფხი. ასეთ გამონაყარს პოლიმორფულს უწოდებენ. ყოველ ახალ ტალღას ტემპერატურული რეაქცია სდევს თან. გამონაყარის მაქსიმალური გამოვლინებისას ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, კანის ქავილსა და ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი