ქართველი, რომელმაც ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი დაწერა - ვინ იყო მიხეილ მუსხელიშვილი

ქართველი, რომელმაც ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი დაწერა - ვინ იყო მიხეილ მუსხელიშვილი

მაშინ, როცა ევროპასთან ასე ახლოსაა ჩვენი ქვეყანა, ბევრმა ქართველმა თითქმის არაფერი იცის იმ ქართველების შესახებ, რომლებიც ევროინტეგრაციის სათავეებთან იდგნენ. მიხეილ მუსხელიშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა - სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, სსრ კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი, რომელიც სტრასბურგში დღესაც არსებობს და მუსხელის ცენტრად იწოდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე იმ დიდ ქართველზე გვიამბობს, რომელსაც ევროკავშირის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"მე და ჩემი დოქტორანტი ედიშერ ჯაფარიძე ვაგრძელებთ ახალი მასალების მოძიებას ცნობილ ქართველ ემიგრანტებზე. ეს მასალა, რაზედაც ახლა უნდა გესაუბროთ, ძალზე მნიშვნელოვანი და საამაყოა ქართველებისათვის და ეხება პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილს, რომელიც ითვლება ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად და იდეოლოგად. როგორც გაირკვა, მიხეილ მუსხელიშვილმა ერთ ფრანგ მკვლევართან (გასტონ სტეფანთან) ერთად ჯერ კიდევ 1948 წელს შექმნა ევროპის კონსტიტუციის პროექტი (ამ დროს ჟან მონეს და რობერტ შუმანს, რომლებიც ითვლებიან ევროკავშირის დამფუძნებელ "მამებად", ჯერ საერთოდ არ ჰქონდათ დაყენებული მსგავსი იდეა).

სხვათაშორის, ეს პროექტი უმნიშვნელო ჩასწორებებით დაედო საფუძვლად თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციას. მიხეილ მუსხელიშვილმა ასევე ფრანგულ ენაზე დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი "ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა", რომელშიც დასაბუთებულია ევროპის გაერთიანების აუცილებლობა და მოცემულია ამის იურიდიული ახსნა. მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1958 წელს ბრიუსელში გამოსვლისას, მიხეილ მუსხელიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე დასვა საერთო ბაზრის ქვეყნების (ასე ერქვა მაშინ ევროკავშირის ქვეყნებს) საერთო ინსტიტუციების შექმნის საკითხი, რაც მალე განხორციელდა კიდეც და შეიქმნა ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და თანამედროვე ევროკავშირის სხვა ინსტიტუციები.

მესამე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიხეილ მუსხელიშვილმა, როგორც ევროპის საუნივერსიტეტთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და დამფუძნებელმა (1951-1958წწ), პირველმა დააყენა ევროპის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემების ჰარმონიზაციის იდეა, რაც დღეს უკვე განხორციელებულია ე.წ. ბოლონიის სისტემის სახით და რომელშიც ჩართულია საქართველო. ეს ხელს უწყობს ქართული დიპლომების და ცოდნის საერთაშორისო აღიარებას და ქართველების მობილობას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული უნივერსიტეტებიდან და პირიქით, უცხოელების აქ სასწავლებლად ჩამოსვლას.

მეოთხე მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ მიხეილ მუსხელიშვილი ყოფილა ევროპაში საზღვრების მოშლის ერთ-ერთი ინიციატორი. მან 1951 წელს 8 ქვეყნის 300-ზე მეტ სტუდენტთან და სამ თანამოაზრე პროფესორთან ერთად, სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, რაც უკვე გულისხმობდა ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას. ანუ, მან დასაბამი მისცა შენგენის ზონის შექმნას ევროპაში. მიხეილს სტრასბურგის უნივერსიტეტში შექმნილი ჰქონდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი, იყო პატარა ერების უფლებების მგზნებარე დამცველი ("რუსეთი არ არის ევროპა", "ერთა თვითგამორკვევის უფლებისათვის", "დამონებულ ერთა წარმომადგენლობისათვის", ასევე ბევრს წერდა ქართულ- ევროპულ პარალელებზე "საქართველო და ევროპა", "ქართულ-ევროპული მოძრაობის მემორანდუმი" და სხვ).

კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია ქართული ალპინიზმის მეისტორიებისა და მოყვარულთათვის: მიხეილი ძლიერ გატაცებული იყო ალპინიზმით, დალაშქრა ალპების ბევრი მწვერვალი, მაგრამ 1964 წელს იგი იტალიაში, აოსტას ხეობაში კლდიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა (მიხეილ ხერგიანამდე 5 წლით ადრე, რომელიც ასევე იტალიაში დაიღუპა). ეს უდიდესი ქართველი დაკრძალულია სტრასბურგში და დღემდე უპატრონოდ იყო მიტოვებული თანამემამულეებისაგან.

- ამ ფაქტების შესახებ აქვს თუ არა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას?

- საქმის კურსში ჩავაყენე ბატონები - კახი კალაძე (როცა ის ჯერ კიდევ მინისტრი იყო), მიხეილ ჯანელიძე... ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ამ ფაქტებით და თანადგომას შემპირდნენ. ბატონი კახის თქმით, ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად სამთავრობო დელეგაცია უნდა ჩავიდეს სტრასბურგში, მოძებნოს მიხეილ მუსხელიშვილის საფლავი და გვირგვინებით შეამკოს იგი, იზრუნოს მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის საქართველოში ჩამოტანაზე და შესწავლაზე. ჩვენ ეს პროექტი დასაფინანსებლად წარვუდგინეთ რუსთაველის ფონდს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და "ქართუს საქველმოქმედო ფონდს". ჩვენდა გასაკვირად, რუსთაველის ფონდმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი გვითხრეს დაფინანსებაზე, ქართუს ფონდი განიხილავს და იმედია, დააფინანსებს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს.

საჭიროა დოკუმენტური ფილმის გადაღებაც. პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი ნამდვილად იმსახურებს დაფასებასაც და შესწავლასაც - მან ხომ ჯერ კიდევ 1952 წლის ნოემბერში მიხეილ წერეთელთან და სხვა ემიგრანტ ქართველებთან ერთად დააფუძნა "ევროპული ქართული მოძრაობა", რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება და მისი ღირსეული დაბრუნება ევროპაში. ასევე ევროკავშირმაც უნდა სცნოს მისი დიდი ღვაწლი ევროკავშირის დაფუძნებაში და ევროპული მაღალი ფასეულობების გავრცელებაში. საერთოდ, უნდა შეწყდეს ყოველგვარი საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ევროკავშირის მხრიდან - ქართველებზე ბევრად მეტს, ევროპაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და თავად ევროპელები აშავებენ.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ