რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი

რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი

რუსული კომპანია "ნიკარემსტროი" თბილისში ესტაკადებს ვეღარ ააშენებს. BPN-ის ინფორმაციით, სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია "ნიკარემსტროიმ" კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა.

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენდა.

თუმცა ორივე შემთხვევაში "ნიკარემსტროის" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე "ნიკარემსტროის" კონკურენტი კომპანია "ენსისია", მან მერიას მშენებლობა 4 177 999 ლარად შესთავაზა. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობის ტენდერში კი "ნიკარემსტროის" კონკურენტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 060 ლარს შეადგენს.

"ნიკარემსტროის" ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიცირების საკითხს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.

"არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები